თორნიკე რიჟვაძე: აჭარაში ყველა გლეხსა და ფერმერს ექნება მაქსიმალური მხარდაჭერა სახელწიფოს მხრიდან როგორც მიწის დამუშავების, ისე – ადგილობრივი წარმოების კუთხით

აჭარის მთავრობამ რეგიონის საგანგებო ბიუჯეტზე მუშაობა დაასრულა. აღნიშნულის შესახებ “რეგიონულ კვირას”  აჭარის მთავრობიდან აცნობეს.

მათივე ცნობით, სხდომაზე ეკონომიკური პროცესების მართვის მოკლე და გრძელვადიან მოდელზე იმსჯელეს და საგანგებო ბიუჯეტის პარამეტრები განიხილეს.

“დავასრულეთ საგანგებო ბიუჯეტზე მუშაობა. ბიუჯეტის პროექტი გადაეგზავნება უმაღლეს საბჭოს განსახილველად და დასამტკიცებლად. ჩვენ განვახორციელეთ შესაბამისი ცვლილებები და, დაახლოებით, 20 მილიონ ლარზე მეტი მოხმარდება ინფექციასთან ბრძოლას და გადანაწილდება როგორც საკარანტინე სივრცეებზე, ასევე, ჯანდაცვის მარაგების შევსებაზე“, – განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ.

თორნიკე რიჟვაძემ, საგანგებო ბიუჯეტის პრიორიტეტად ჯანდაცვასთან ერთად, სოფლის მეურნეობის ხელშეწყობა დაასახელა.

“ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და ცენტრალური საკითხი ამ საგანგებო ბიუჯეტში არის სოფლის მეურნეობის მხარდაჭერა. უმაღლეს საბჭოს წარვუდგენთ პროექტს, რომლის საფუძველზეც აჭარაში ყველა გლეხს, ყველა ფერმერს ექნება მაქსიმალური ხელშეწყობა, როგორც სოფლის მეურნეობის განვითარების კუთხით, ასევე, პირველადი სასურსათო წარმოების კუთხით. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობა, ასევე, სურსათის უსაფრთხოება. შესაბამისად, გარდა იმ პროგრამისა, რომელიც დაანონსდა ცენტრალურ დონეზე, ჩვენ რესპუბლიკური ბიუჯეტიდან აჭარაში, პრაქტიკულად, ყველა გლეხსა და ფერმერს მივცემთ შესაძლებლობას როგორც ხვნა-თესვის, ასევე, შემდგომ ადგილობრივი წარმოების კუთხით ჰქონდეთ მაქსიმალური მხარდაჭერა სახელწიფოს მხრიდან“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

მათივე ინფორმაციით, ამ დროისთვის აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტში არსებული რესურსების მოძიება და მათი ეფექტურად ათვისების სხვადასხვა ინიციატივა შეიქმნა, რათა მსოფლიო პანდემიის შედეგად მიღებულმა გამოწვევებმა მაქსიმალურად ნაკლებად დააზიანოს რეგიონის ეკონომიკა და ეკონომიკური პროცესების სწრაფად გაგრძელება მოხდეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები