ონის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ შეჭირვებულ ოჯახებს პროდუქტი და პირველადი მოხმარების ნივთები გადაეცათ
ონის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ შეჭირვებულ ოჯახებს, სოციალური აქციის ფარგლებში, 200-200 ლარის პროდუქტი და პირველადი მოხმარების ნივთები გადაეცათ. პროდუქტები რაჭის მაცხოვრებლის, ბექა გუგეშაშვილის ფინანსური დახმარებით შეიძინეს.
აღნიშნული შესახებ “რეგიონულ კვირას” ონის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს.
მათივე ცნობით, ქვეყანაში არსებული საგანგებო მდგომარეობის პირობებში, მრავალმა ონელმა გამოიჩინა მაღალი მოქალაქეობრივი პასუხიმგებლობა და შეძლებისდაგვარად დაეხმარა შეჭირვებულ თანამოქალაქეებს.
“კეთილი გმირების სიას დაემატა კიდევ ერთი ღირსეული რაჭველის, თავის ხეობაზე, ხალხსა და სოფელზე შეყვარებული ადამიანის, ბექა გუგეშაშვილის სახელი, რომელმაც გლობალური საფრთხის დროს არ დაივიწყა თავისი ხალხი და, მერის წარმომადგენელსა და დეპუტატთან ერთად, ოთხ შეჭირვებულ ოჯახს 200-200 ლარის პროდუქტი და პირველი საჭიროების ნივთები გადასცა, ასევე, 200 ლარის ელექტროენერგიის დავალიანება დაუფარა ონის ყოფილი ბაგა-ბაღის შენობაში მობინადრე სოციალურად დაუცველ ოჯახებს. მართალია, სიკეთის ქმნის მაძიებელი ნაკლებად ფიქრობს იმაზე, შეუფასდება თუ არა მას სიკეთე, რომელიც უანგაროდ გასცა – სიკეთის ქმნა მისი სულიერი მოთხოვნილებაა, მაგრამ გვინდა, გაგაცნოთ ზემო რაჭაზე შეყვარებული და გულშემატკივარი ადამიანი, რადგან მის მიერ გაკეთებული მადლის შესახებ მთელმა საკაოს ხეობამ იცის და კიდევ ბევრის გაკეთებას აპირებს. 2018 წელს ბექა გუგეშაშვილმა სოფელ მაჟიეთში დააფუძნა ფოლკლორული ფესტივალი – “ბეჩა ყირამალა”, რომელიც დიდი წარმატებით ჩატარდა. გვჯერა, რომ ხვალ ამ სახელებს კიდევ მეტი სახელი დაემატება. ჩვენ ერთმანეთის გვერდში დგომით მრავალ განსაცდელს დავამარცხებთ და ვიზეიმებთ ბედნიერ გაზაფხულს”, – აღნიშნულია მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.