“მსოფლიოში ისეთი მდგომარეობაა, დახმარება ყველას სჭირდება”- ცაგერში 11 ოჯახს სასურსათო პაკეტები გადაეცა

ცაგერის მუნიციპალიტეტში 11 ოჯახს სასურსათო პაკეტები გადასცეს. საქართველოს ქალთა საბჭოს წევრმა და ადგილობრივი  ქალთა საბჭოს თავმჯდომარემ, გულნაზ გოლეთიანმა აღნიშნული პაკეტების შესაძენად თანხა  ლეჩხუმელი  მაგდა ყურაშვილისა და ამერიკაში მცხოვრები თამარ ქელბაქიანისგან მიიღო.

როგორც გულნაზ გოლეთიანი  “რეგიონალურ კვირასთან“ აცხადებს, ლეჩხუმელი მეცენატი, მაგდა ყურაშვილი და ამერიკაში მცხოვრები  თამარ ქელბაქიანი საქველმოქმედო საქმიანობას ცაგერის მუნიციპალიტეტში ხშირად ახორციელებენ.

“COVID-19-ით გამოწვეული სიტუაციის გამო, ამ ორმა ქალბატონმა გამოხატა სურვილი,  ლეჩხუმში რამდენიმე ოჯახს დახმარებოდა. დამიკავშირდნენ, მომაწოდეს თანხა, გამჭვირვალობისა და თანხის მიზნობრივი ხარჯვის მიზნით, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მერია აქციაში ჩავრთეთ  და ის ოჯახები  გამოვკვეთეთ, რომლებსაც ახლა თანადგომა  ძალიან  სჭირდებოდა. 11 ასეთი ლოკაცია  შევარჩიეთ და  ადამიანები გავახარეთ”, – განაცხადა გულნაზ გოლეთიანმა.

ქალთა საბჭოს თავმჯდომარის თქმით,  სასურსათო პაკეტებში პურის ფქვილი, ზეთი, ბურღულეული და სხვა ის პირველადი მოხმარების პროდუქტები გაითვალისწინეს, რომელიც  შეჭირვებული ოჯახებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

ლია გოლეთიანი ცაგერის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ერთ-ერთი იმ ბენეფიციართაგანია, რომელმაც ჰუმანიტარული პროდუქტი მიიღო. როგორც ის აღნიშნავს, ყველა პროდუქტი ოჯახისთვის საჭირო და დროული იყო.

“დღეს მსოფლიოში ისეთი მდგომარეობაა, დახმარება ყველას სჭირდება. ჰუმანიტარული მისიაც სწორედ ესაა – გაახაროს და მიეხმაროს ადამიანებს, მადლობა ყველას, ვინც ჩვენთვის  თანხები გაიღო“, – განაცხადა ცაგერის მაცხოვრებელმა.

სასურსათო პაკეტების დარიგების პროცესში ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, მიხეილ მეშველიანი მონაწილეობდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები