ბორის ჯონსონი სამსახურში დაბრუნდა
ბრიტანეთის პრემიერმინისტრი, ბორის ჯონსონი, კორონავირუსისგან სრული გამოჯანმრთელების შემდეგ, სამსახურში დაბრუნდა.
ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა მადლობა გადაუხადა გაერთიანებული სამეფოს თითოეულ მოქალაქეს.
“ვიცი, რომ ყოველდღიურად ამ ვირუსს მოაქვს ახალი სევდა. ეს ამ ქვეყნისთვის მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე დიდი გამოწვევაა, მაგრამ სიმართლეა ისიც, რომ ჩვენ პროგრესი გვაქვს”, – განაცხადა ბორის ჯონსონმა.
პრემიერის თქმით, მთავრობას ამ ეტაპზე არ შეუძლია თქმა, თუ როდის შემსუბუქდება შეზღუდვები.
“ვფიქრობ, ბრიტანეთმა ეპიდემიის პიკი გადალახა იმიტომ, რომ დაავადებულთა რიცხვი კლებულობს. მაგრამ კარანტინის მოხსნა ჯერ ადრეა და შეზღუდვების ეტაპობრივი შესუსტების გეგმას შევიმუშავებთ”, – განაცხადა ჯონსონმა.
ბრიტანეთის პრემიერს კორონავირუსი 27 მარტს დაუდასტურდა. 6 აპრილს ჯონსონი, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, კლინიკაში გადაიყვანეს, 12 აპრილს კი გაწერეს, თუმცა პრემიერი რეაბილიტაციას სახლში გადიოდა.