ირაკლი ჩიქოვანი: არ გამოვრიცხავთ, რომ თუ ეპიდემიოლოგიური ვითარება დამძიმდა ქვეყანაში, ხელახლა ავამოქმედოთ შეზღუდვები მთელი ქვეყნის მასშტაბით

“ჩვენ არ გამოვრიცხავთ, თუ ეპიდემიოლოგიური ვითარება დამძიმდა ქვეყანაში, ხელახლა ავამოქმედოთ შეზღუდვები მთელი ქვეყნის მასშტაბით”, – ამის შესახებ პრემიერის მრჩეველმა, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.

ჩიქოვანის თქმით, ამ კვირის განმავლობაში დარგობრივი სამინისტროები იმ ინიციატივებს წარადგენენ, რომლებიც ანტიკრიზისული გეგმის მიხედვითაა გათვალისწინებული.

“გეგმა, რომელიც წარდგენილ იქნა საქართველოს მთავრობის მხრიდან, იყო თანმიმდევრული და მას ჰქონდა რამდენიმე ეტაპი, რომელშიც გარკვეული პერიოდი გვაქვს დასაცავი ეტაპებს შორის, თუმცა ხაზგასმით იქნა ნათქვამი და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ, ეპიდემიოლოგიური ვითარების შესაბამისად, შესაძლებელია, ჩვენ მოგვიწიოს ამ გეგმის როგორც დაჩქარებით მიღება, ასევე, ჩვენ არ გამოვრიცხავთ, თუ ეპიდემიოლოგიური ვითარება დამძიმდა ქვეყანაში, ხელახლა ავამოქმედოთ შეზღუდვები მთელი ქვეყნის მასშტაბით. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მოქალაქეებს, გაითვალისწინონ ყველა ის რეკომენდაცია, რაც ქვეყანაში არსებობს. აქვე მინდა, ხაზი გავუსვა იმას, რომ ის სოციალურ-ეკონომიკური ანტიკრიზისული გეგმა, რომელიც საქართველოს მთავრობის მიერ იქნა წარმოდგენილი, არის საკმაოდ ფართე და თითოეულ სეგმენტზე დარგობრივი სამინისტროები ამ კვირის განმავლობაში წარმოადგენენ პრეზენტაციებს, სადაც დეტალურად იქნება განხილული ყველა ის ინიციატივა, რომელიც ამ ანტიკრიზისულ გეგმაშია გათვალისწინებული, მათ შორის, თუ ვის უნდა მიმართონ ჩვენმა მოქალაქეებმა იმ დახმარების მისაღებად, რომელიც არის გათვალისწინებული და, ასევე, იქნება განმარტებები, თუ როგორ უნდა ისარგებლონ ბიზნესებმა იმ შეღავათებითა და შესაძლებლობებით, რომლებსაც ეს გეგმა იძლევა”, – განაცხადა ჩიქოვანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები