“თანადგომა ჩვენს ლეჩხუმს“ – საქველმოქმედო ფონდში პირველი 10 000 ლარი ჩაირიცხა

ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის გამო, რაც ახალი კორონავირუსის გავრცელებითაა გამოწვეული, რამდენიმე ადამიანმა საქველმოქმედო ფონდი „თანადგომა ჩვენს ლეჩხუმს“ დააარსა. ფონდის მიზანი ჩარიცხული შემოწირულობებით ლეჩხუმში მცხოვრები განსაკუთრებული საჭიროების მქონე ადამიანების დახმარებაა.

როგორც “რეგიონული კვირისთვის“ გახდა ცნობილი, ფონდში პირველი შენატანი უკვე დაფიქსირდა და ის 10.000 ლარს შეადგენს. პირველი შემომწირველი ლეჩხუმელმა ბიზნესმენი, ცაგერის მუნიციპალიტეტის ყოფილი მაჟორიტარი დეპუტატი, სერგო ხაბულიანია.

როგორც ბიზნესმენმა “რეგიონულ კვირას” უთხრა,  ახლა  ყველას  ვალია, შესაძლებლობის ფარგლებში,  თუნდაც მინიმალური სახსრები გაიღონ ერთმანეთისთვის.

“როგორც კი ჩემთვის ცნობილი გახდა ამ ფონდის ანგარიშის გახსნა, გულწრფელად გამეხარდა. ამით მე ჩემი მშობლიური კუთხის, იქ მცხოვრები ადამიანების დახმარების საშუალება მომეცა. ოპერატიულად დავიწყე მოქმედება. როგორც მაცნობეს  პირველი შენატანი მე განვახორციელე. 10 000 ლარი – ეს მცირედი თანხა ჩავდე იმ ინვესტიციაში, რასაც ჩემი ხალხის თანადგომა ჰქვია. მე მინდა, მოვუწოდო ადამიანებს:  ვისაც საშუალება გექნებათ, თუნდაც ერთი ლარი, თუნდაც 5 ლარი, შევიტანოთ ფონდში, გავამხნევოთ ერთმანეთი და ხელჩაკიდებულებმა დავძლიოთ სიძნელეები“, – განაცხადა ბიზნესმენმა.

ფონდში მობილიზებული თანხების განკარგვას, მის გამჭვირვალობას, საჭიროებების გამოკვეთას    მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის მოადგილე, მირზა ქომეთიანი დააკვირდება. მერიის წარმომადგენლის განმარტებით, მისასალმებელია ასეთი ფონდის ანგარიშის გახსნა, რადგან  ეს ლეჩხუმელებს ეკონომიური სიძნელეების დაძლევაში დაეხმარება.

“გამომდინარე იქედან, რომ ახლა ქვეყანაში განსაკუთრებული პერიოდი გვიდგას, მნიშვნელოვანია თუნდაც ერთი ლარის ქველმოქმედებაც კი. შემოსული თანხების განკარგვისთვის გამოვკვეთთ საჭიროებებს, თვალყურს მივადევნებთ თანხების მიზნობრივ გახარჯვას,  ყველაფერი  ღია და გამჭვირვალე იქნება, შეძენილი პროდუქტების დარიგებაში მოხალისეების ჯგუფებსაც ჩავრთავთ, უზრუნველვყოფთ მათ საჭირო ეკიპირებით, ქველმოქმედების გაზიარების მიზნით მედიასათანაც აქტიურ კომუნიკაციაში ვიქნებით”, -განაცხადა მირზა ქომეთიანმა.

ფონდში ჩარიცხული თანხის მიზნობრივი მიმართვა მაისის თვიდან მოხდება. დაინტერესებულ პირებს, ვისაც ფონდში თანხების შეტანის სურვილი ექნება, თავიანთი დანაზოგი შეუძლიათ, შემდეგ ანგარიშებზე გადარიცხონ.

GEO9TB7634136060100001-ლარის ანგარიში

GE53TB7634136160100001 – ანგარიში დოლარში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები