„იტალიელები ძალიან გვგვანან ქართველებს. პანდემიისას კი, ქართველებმა გაცილებით მეტი თავშეკავება გამოვიჩინეთ“

  „იტალიაში მაღალი სიკვდილიანობის პირველ მიზეზად მე ვიტყოდი მთავრობის დაგვიანებულ რეაქციას მოსალოდნელ საშიშროებაზე. საქართველოსთან შედარებით ძალიან დააგვიანეს“, – ამბობს იტალიაში საზოგადოება „სამშობლო გულით სატარებელის“ დამფუძნებელი, პავიის უნივერსიტეტის  ბიოლოგიისა და ბიოტექნოლოგიების დეპარტამენტის  მოლეკულური ბიოლოგიის ასისტენტ-პროფესორი, რამდენიმე პროზაული კრებულის ავტორი სოლომონ ნერგაძე.
მან ქართველი ემიგრანტებისადმი ამაღელვებელი სტატუსი გამოაქვეყნა, სადაც საქართველოში კორონავირუსის გამო შექმნილ  ფონდში თანხის გადარიცხვის აუცილებლობაზე  გაამახვილა ყურადღება.
25 წელია იტალიაშია და მილანთან ახლოს პატარა საუნივერსიტეტო ქალაქ პავიაში ცხოვრობს. პანდემიის გამო პავიის უნივერსიტეტს დისტანცირებულ სწავლებაზე გადასვლამ მოუწია. თავადაც ამ რეჟიმში მუშაობს.
საგულისხმოა მისი დაკვირვებები და პარალელები იტალიაში კორონავირუსის  გავრცელების მიზეზებზე და პანდემიის გამო შექმნილ ვითარებაზე.
ამ საინტერესო საუბრის მიღმა კი ის დიდი სიყვარული ჩანს, რომელსაც ვგრძნობთ ყველა, აქაურებიც და იქაური, სამშობლოსგან შორს მყოფი თანამემამულეებიც.

 

  ქართული საზოგადოებსამშობლო გულით სატარებელიდამფუძნებელი ხართ იტალიაში. ამ ძნელ დღეებში თქვენმა საზოგადოებამ გადაწყვიტა საქართველოს დახმარება. როგორ დაიბადა ეს იდეა და როგორი გამოხმაურება მოჰყვა თქვენს მოწოდებას?
– გმადლობთ ჩვენი საუბრის ქართულ-იტალიური კულტურული საზოგადოების, „სამშობლო გულით სატარებლის“ შესახებ კითხვით დაწყებისთვის.
მეამაყება, რომ მისი ერთ-ერთი დამფუძნებელი ვარ. უფრო სწორად, მეამაყება, რომ შევხვდი ქალბატონ ნინო ყაუხჩიშვილს – უბრწყინვალეს ადამიანს, პროფესორს, ბერგამოს უნივერსიტეტის თანადამაარსებელს. ყაუხჩიშვილების დიდი ოჯახის შვილს. ქალბატონმა ნინომ შეგვკრიბა მილანში და მილანის გარშემო მყოფი ქართველები მის იტალიელ მეგობრებთან ერთად  და დააარსა საზოგადოება – „სამშობლო გულით სატარებელი“. ქალბატონი ნინო, სამწუხაროდ, დღეს ჩვენ გვერდით აღარაა.
საზოგადოების შესახებ ამ მძიმე დღეებში გაწეული სამუშაოს შესახებ უმჯობესია, საზოგადოების პრეზიდენტს, ქალბატონ ნუნუ გელაძეს მიმართოთ, მე კი, ორიოდე სიტყვით გამოვხატავ ჩემს დიდ სიხარულს და მადლიერებას საზოგადოების წევრებისადმი, რომლებსაც, ნუნუ გელაძის არ იყოს, ნორმალურად არც უძინიათ მთელი თვის განმავლობაში – ბევრმა ემიგრანტმა თუ, შემთხვევით, რეისების გაუქმების გამო იტალიაში ჩარჩენილმა ჩვენმა თანამემამულემ იგრძნო მათი და, საერთოდ, იტალიელი ქართველების თანადგომის ძალა და იმის შეგრძნების სიხარული, რომ მარტონი არ არიან.
მხოლოდ ჩვენი საზოგადოების კი არა, იტალიის სხვა ქალაქების ქართველებმა ისეთი ერთიანობა და გული აჩვენეს ქვეყანას, რომ სულაც არ მიკვირს, რამ გადაგვარჩინა ისტორიის ქარტეხილებს და როგორ გადაურჩა ჩვენი ქვეყანა ადრეულ, ასე მომძლავრებულ ჟამიანობებს. არ მიკვირს, არც სამასი არაგველისა, არც იმ ორასი გმირისა, ყელზე ხმალჩამოკიდებული რომ შეაგზავნა დიდმა დავით მეფემ სელჩუკების ბანაკში – დარწმუნებული ვარ, რამდენს უთხრა უარი და ვერ ჩასვა იმ ორასის სიაში, არ მიკვირს არც ჟიული შარტავასი, არც მამა  ანდრიასი (ყურაშვილი), არც დავით ახრახაძის გმირობა მიკვირს და არც შინდისელი ბიჭების. ისეთი ქართული ერთიანობა ვნახეთ მანტოვის, ბარის, უდინეს, ფლორენციის, რომის… საერთოდ, ყველა ქართული სათვისტომოსი და შინდარჩენილი ქართველებისა. ამიტომ არ მიკვირს… ჩვენი ექიმები, ექთნები, მედდები, მძღოლები და უბრალო ადამიანების ერთიანობა. ამას დიდი სიამაყით ვამბობ. უნამუსო ვიქნები, თუ ჩვენს საელჩოს და საკონსულოს არ ვეტყვი გულითად მადლობას – გმადლობთ, მეგობრებო, თქვენ, ღირსეულად, გასაჭირში რომ გვჩვევია, სწორედ ისე იმუშავეთ, გმადლობთ!
ახლა, თქვენი კითხვის მეორე ნაწილს დავუბრუნდები. პირწიგნაკის ერთმა კარგმა მეგობარმა (ქალბატონმა ნატალია ზაქარეიშვილმა) თავის გვერდზე მოიგონა 50-იანი წლების ფაქტი – ებრაელების მიერ ისრაელის სახელმწიფოს ბიუჯეტში შეტანილი 10 შეკელი (ცხადია, ბევრმა ბევრად მეტი აჩუქა სამშობლოს) – მათ გადაარჩინეს სამშობლო.
მოგვეწონა იდეა, გადავწყვიტეთ ანალოგიურად მოვქცეულიყავით. სხვათა შორის, გამიჭირდა საქართველოს ბიუჯეტის ანგარიშისა და ბიუჯეტში გადარიცხვის მარტივი მეთოდის მოძიება. ღიად ვიკითხეთ, ნაცნობები შევაწუხეთ -ვერ მოვიძიეთ. არადა, 10, 20, 30 და  50 ევროს ბანკის ანგარიშებიდან გადმორიცხვისას ათამდე ევრო იკარგება.
ერთადერთმა ადამიანმა, ვისაც ჩვენს მთავრობაში ვიცნობ და ვინც მიცნობს (არ ვიცი, შემიძლია თუ არა დავასახელო – არაა მინისტრი. ერთ-ერთი მინისტრის მოადგილეა. ბრწყინვალე ადამიანია – ისეთი, ბევრი რომ გინდა იყოს ისეთი ადამიანი ქვეყნის სამართავ ყველა რგოლში) გვირჩია, წინა დღით გახსნილ StopCov-ფონდის საშუალებით (რომელიც, ფაქტობრივად, თითქმის ბიუჯეტია) დავხმარებოდით ჩვენს სამშობლოს.
ყალბი პათეტიკის გარეშე ვიმეორებ – ჩემმა სამშობლომ მომცა ის, რაც შეეძლო – დადგა დრო, მივცე ჩემს სამშობლოს ის, რაც შემიძლია. მნიშვნელობა არა აქვს, სად ვარ, ქვეყნის გარეთ ვარ დროებითი ემიგრანტი თუ ჩემს ქვეყანაში ვარ.
სწორედ ამგვარად მივმართეთ ჩვენს თანამემამულეებს.
სიამაყით ვამბობ – აბსოლუტური უმრავლესობის გამოხმაურება ისეთია, უცრემლოდ ვერ წაიკითხავთ, დროებითი ემიგრანტებისაც და შინმაცხოვრებლებისაც.
და, დღესდღეობით რომ ფონდში უკვე 127 მილიონამდეა, ეს ყველა იმ ადამიანის დამსახურებაა, ვინც გადაწყვიტა მისცეს სამშობლოს ის, რაც შეუძლია. ასი მილიონის გამღებსაც და ოცდაშვიდი მილიონის გამღებთაც ჩემი დიდი მადლიერება და სიყვარული. მიყვარხართ, ადამიანებო!
 მილანთან ახლოს, საუნივერსიტეტო ქალაქ პავიაში ცხოვრობთ. კორონავირუსის პიკმა იმედია, გადაიარა. როგორ ცხოვრობს პავია? როგორ არიან ქართველი ემიგრანტები?
– თუ ნებას დამრთავთ, რამდენიმე მაგალითს მოვიტან – იმედია  და ჩვენთვის სასიხარულო მაგალითებს.
აპრილის 20-ს ნეაპოლში, პირველად კორონავირუსის პანდემიის პერიოდში, არცერთი ახალი შემთხვევა და არცერთი გარდაცვლილი პაციენტი!…
აპრილის 18-ს მილანში დახურეს ერთი დიდი საავადმყოფოს ინტენსიური თერაპიის განყოფილება (ეს განყოფილება სახელდახელოდ კორონავირუსის პანდემიის დასაწყისში). ეს ნიშნავს, რომ მასზე აღარაა მოთხოვნილება.
პავიაშიც კიდევ უფრო დადებითი ტენდენციაა, ვიდრე, ზოგადად, იტალიაში.
არ მინდა გავთვალო (ასეთ დროს იტალიელები თითებს გადააკვანტილებენ – არ გავთვალოთო. დაახლოებით იმას ნიშნავს „ფუი ეშმაკს, არ გავთვალოო!“) – კი, პიკმა გადაიარა. ნამდვილად გადაიარა.
პავიის ქართველობა – ქართველი ემიგრანტები ცოტანი ვართ, ჯამში, ასე, ერთი ოცეული თუ ვიქნებით. ხშირი კავშირი გვაქვს ერთმანეთთან. ვეხმარებით და ვეფერებით ერთმანეთს. აქ, უბრალო შეხმიანებაც კი ბევრს ნიშნავს.
ათასჯერ შემიძლია გავიმეორო – ძალიან მიყვარან ჩვენი დროებითი ემიგრანტები. ყველა, მთელ იტალიაში და ევროპა-ამერიკაში გაბნეულებიც.  ამით იცით, რისი თქმა მინდა?! მე კი არ ვარ კარგი, ემიგრანტები რომ მიყვარს (ერთი ბეწოთიც არა!) – ისინი არიან ისეთები, ყველა სიკეთეს და დიდ სიყვარულს რომ იმსახურებენ.
– ქართველ  სტუდენტებზეც გვითხარით…
– ქართველი სტუდენტები ცალკე სასაუბრო თემაა…  წელსაც ბრწყინვალე გოგონები ჩამოვიდნენ პავიის უნივერსიტეტში. ბიჭები წელს არ შემხვედრიან.
ერთმა სტუდენტმა გოგონამ, თეკლა ჩარგეიშვილმა, ერთი თვის წინ დაიცვა სადიპლომო ნაშრომი მედიცინის მაგისტრატურაში – კარდიოლოგიის სპეციალობით.
მისი შეფასება იყო… მაპატიეთ, უნდა მთლიანად უნდა მოვიტანო ამონარიდი ჩემი ამა წლის 12 მარტის გზავნილიდან:
„…ბედნიერი ვარ, რადგან კიდევ ერთმა ქართველმა ახალგაზრდამ დაამთავრა პავიას უნივერსიტეტი. გასახარელი და საამაყო იყო, და შემძრა კიდეც კომისიის თავმჯდომარის ფრაზამ: “110 con lode e encomio!”
საუკუნის მეოთხედია ამ უნივერსიტეტში ვარ – ასე მაღალი შეფასება, “con encomio”, არ მინახავს და არც გამიგონია. ანუ, მაქსიმალური ბალი ქებით (110 con lode) და, კიდევ, აღმატებული ხარისხის ქება და წვლილის დაფასება (encomio)”.
პავიას კიდევ ერთმა ერაზმუს-სტუდენტმა, თინათინ მაღედანმა თბილისში დაიცვა წარმატებით დიპლომი.
წინა წლებშიც იყვნენ – ჩვენი უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტი ბელა სეფიაშვილი და სხვები…
დღესაც ჩვენი უნივერსიტეტიდან მოვლინებული წარმატებული სტუდენტები (ჩვენს უნივერსიტეტში თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტს ვგულისხმობ. პავიას უნივერსიტეტიც ჩემი უნივერსიტეტია) ნეიროფსიქოლოგიის ინგლისურენოვან მაგისტრატურაში სწავლობენ –  ანანო იობაძე დაანი თაყნიაშვილი.
რაც ვთქვი, ეს მხოლოდ პავიის უნივერსიტეტში. მილანის უნივერსიტეტებში და სხვა, მაღალი დონის უნივერსიტეტებში კიდევ უფრო მეტნი არიან.
სიკვდილიანობის მაჩვენებლები, რასაც აცხადებენ, რამდენად შეეფერება რეალობას? და რა იყო ის არსებითი მიზეზი, რამაც ვირუსის დიდი მასშტაბით გავრცელება გამოიწვია ჩრდილოეთ იტალიაში?
– იტალიაში, 20 აპრილის მდგომარეობით, 180 ათასზე ოდნავ მეტი ინფიცირებული პაციენტია გამოვლენილი, მათგან 24 ათასია გარდაცვლილი. გუშინ მაგალითად, კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობა 454. ორიოდე კვირის წინ ეს მაჩვენებელი ორმაგიც კი იყო. ამ მშრალი ციფრების მერე, მოდით, ცოცხლებზე და გამოჯანმრთელებულებზე ვისაუბროთ. დღეისთვის 50 ათასამდეა გამოჯანმრთელებული პაციენტების რაოდენობა.
ეს მაჩვენებლები რეალური მაჩვენებლებია. ამას მხოლოდ ერთი მიზეზით ვერ ავხსნი. რამდენიმე მიზეზია.

სრულიად ვეთანხმები ბატონ თენგიზ ცერცვაძეს. მან ყველაზე ზუსტად და რეალისტურად შეაფასა იტალიაში მაღალი სიკვდილიანობის მიზეზები.
პირველ მიზეზად მე ვიტყოდი მთავრობის დაგვიანებულ რეაქციას მოსალოდნელ საშიშროებაზე. საქართველოსთან შედარებით ძალიან დააგვიანეს.

თავისთავად კორონავირუსი ლეტალური ვირუსი არაა. არაა, მაგალითად ისეთი ლეტალური, როგორიც ებოლა. ეს ართულებს მასთან ბრძოლას – უწინარეს ყოვლისა, ართულებს მისი ლოკალიზების შესაძლებლობას ასიმპტომატური პაციენტების სიმრავლის გამო. ყველა პაციენტი ვერ ხვდება მედიკოსების (და, მაშასადამე, პანდემიის სტატისტიკაში) ყურადღების ცენტრში. ისინი ადვილად იხდიან ამ „სახადს“ და თავისდაუნებურად ავრცელებენ დაავადებას – სხვებს აინფიცირებენ.
ამის გარდა, იტალიის მოსახლეობა „ხნიერ“ პოპულაციად ითვლება. ერთ-ერთმა საუკეთესო ჯანმრთელობის დაცვის სისტემამ უზრუნველყო იტალიელთა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა ქალებისთვის 83 წელი, მამაკაცებისთვის 80 წელზე მეტი (ამ მაჩვენებლით მხოლოდ იაპონიას და კიდევ ორ ქვეყანას  ჩამორჩებიან).
ამით იმის თქმა მინდა, რომ იტალიელებს შორის სხვა ქვეყნებთან შედარებით მაღალია 80 წელზე მეტი ხნის ადამიანთა წილი. ბუნებრივია, წლების მატებასთან ერთად ადამიანებს სხვადასხვა პათოლოგია უვითარდებათ. კორონავირუსი კი ამძიმებს სხვა პათოლოგიებით გამოწვეულ დარღვევებს – სწორედ ამიტომ მიეკუთვნებიან  მოხუცები საზოგადოების ყველაზე მოწყვლად ფენას.
კიდევ ერთი მიზეზი, თუმცა უმთავრესი არა, მაგრამ არცთუ ისე მეორეხარისხოვანი – იტალიელთა მენტალიტეტი და მათ მიერ ძალიან ფართოდ გაგებული ადამიანის უფლებები. ძნელად ეგუებიან მათი უფლებების რეალიზაციისათვის რაიმე ფორმით ხელის შეშლას. „ჯინაზე გავალ“ – ამან კიდევ უფრო გააღრმავა ინფექციასთან ბრძოლა. სხვათა შორის, ამით „ჯინაზე გავალ“, ან „ჯიბრზე გავალ“, გნებავთ, „რას ჰქვია, ვინმე დამიშლის“) ძალიან გვგვანან ქართველებს – ზოგადად, გვგვანან.

შვილთან ერთად

პანდემიისას კი, ქართველებმა გაცილებით მეტი თავშეკავება გამოვიჩინეთ და მე ბედნიერი ვიყავი, გამეჩხერებულ მრევლს რომ ვუყურებდი ჩვენს ეკლესიებში. მოქალაქეთა შეგნების დონემ თითქოს რამდენიმე დღეში ნახტომისებურად აიწია. ყველას დიდი მადლობა ამისთვის – ექიმებს, მთავრობას, საპატრიარქოს და ჩვენს ეკლესიას.
სხვათა შორის, ძალიან ბევრია კარანტინის რეჟიმის დამრღვევი დაჯარიმებული  მოქალაქეების რაოდენობა – 300 ათასს გადააჭარბაო, ამბობენ. სხვათა შორის, პირველ შემთხვევაზე, თავიდან 206 ევრო იყო ჯარიმა კარანტინის დარღვევაზე. მარტის შუა რიცხვებში გაამკაცრეს: 400 ევროდან 3 ათას ევრომდე ჯარიმა შემოიღეს (დარღვევის ხასიათის მიხედვით).
განმეორებითი დარღვევა  სამ თვემდე ხელბორკილებს ითვალისწინებს.
კიდევ უფრო მკაცრია სასჯელი დაავადების გამავრცელებელთა მიმართ – სამი თვიდან 18 თვემდე და 500-დან 5 ათას ევრომდე ჯარიმა.
აღსანიშნავია ერთი, მეტად მნიშვნელოვანი გარემოება (რომელთან შეგუებაც ქართველებს და იტალიელებს თითქმის ერთნაირად გვიჭირს) – ჯარიმის არგადახდა, ფაქტობრივად, გამორიცხულია.
ეს მეტად ცივილური წესი – დანაშაულის აუცილებელი დასჯადობა – გათავისებული აქვთ. დაჯარიმებისას გიწესებენ ვადას – თუ იმ ვადამდე ადრე გადაიხდი, ჯარიმას აკლდება 30%. თუ არ გადაიხდი და გადააცილებ, ჯარიმას პროცენტულად ემატება.
ამ გარემოებების გამო დაჯარიმებული მოქალაქეები, როგორც წესი, ვადამდე ადრე იხდიან ჯარიმებს. მართალია, ძალიან უსიამოვნო შეგრძნება ახლავს ჯარიმის გადახდას, მაგრამ ჭირი მოცილებული სჯობია (ავტომანქანის ჯარიმაზე მაქვს გამოცდილი).
თითქმის 25 წელია იტალიაში ხართ. პავიის უნივერსიტეტის ბიოლოგიისა და ბიოტექნოლოგიების დეპარტამენტის მოლეკულური ბიოლოგიის ასისტენტპროფესორად მუშაობთ. ახლა ალბათ დისტანციურად ასწავლით სტუდენტებს. რა პარალელს გაავლებდით აქაურ და მანდაურ სწავლის სისტემებს შორის?
– აქცენტი ზუსტად დასვით აქაც და ზემოთაც – საუნივერსიტეტო ქალაქია პავია. ჩვენი უნივერსიტეტი მეცნიერების მრავალი მიმართულებით უმაღლესი დონისაა. და, არა მარტო იტალიაში. მსოფლიოს ერთ-ერთი ძლიერი სამეცნიერო კერაა.
განსაკუთრებით გამოვყოფ სიცოცხლის შესახებ მეცნიერებების მიმართულებას. ბიოლოგიის, ბიოტექნოლოგიების და მედიცინის მიმართულებას. პავიას სან მატეოს კლინიკასა და უნივერსიტეტს შორის ზღვარს, ფაქტობრივად, ვერ ვნახავთ. იგივე შემიძლია ვთქვა, უნივერსიტეტსა და სხვა სამედიცინო დაწესებულებებს შორის. სხვათა შორის, პავიის უნივერსიტეტს საკმარისად ჰყავს ნობელიანტები.
თუ თქვენი ინტერვიუს ფორმატი ნებას მომცემს, დაწვრილებით მოგახსენებდით თითოეული მიმართულების შესახებ. მოკლედ კი, უბრალოდ ჩამოვთვლი – კარდიოქირურგიის დიდი სკოლა და უმაღლესი მსოფლიო დონე, სხვადასხვა კიბოს წარმატებული მკურნალობა ქრონიკულში გადაყვანიდან გამოჯანმრთელებამდე – სწორი ნაწლავის, კუჭის კიბო… ცალკე უნდა გამოვყო ლეიკემიის აბსოლუტური, მსოფლიოში ყველაზე მაღალი დონის მკურნალობის მეთოდები  (აფსუს, წინა ხელისუფლების დროს საქართველოში მოღვაწეობა შეაჩერებინეს ბადრი პატარკაციშვილის ფონდს. ეს ფონდი ახლა მხოლოდ უკრაინისთვის მუშაობს… ამაზე სხვა დროს).
პავიის სან მატეოს კლინიკამ იტალიაში პირველად დაიწყო გამოჯანმრთელებული პაციენტების სისხლის პლაზმის გამოყენება კორონავირუსით ინფიცირებულთა სამკურნალოდ.
კარგ შედეგებს მიაღწიეს – და, არა მხოლოდ პავიის ან ლომბარდიის მასშტაბით. მარტივად რომ ვთქვათ, გამოჯანმრთელებული პაციენტის პლაზმაში შემავალი ანტისხეულებით წარმატებით ებრძვიან კორონავირუსს ინფექტირებულ პაციენტებში.
პანდემიის გამო უნივერსიტეტს მოუწია დისტანცირებულ სწავლებაზე გადასვლამ. უნდა გითხრათ, და ეს ჩემი სუბიექტური აზრია, ვერაფერი შეცვლის სტუდენტებთან ცოცხალ ურთიერთობას. ინტერნეტლექციები არაა კარგი ცხოვრებით ნაკარნახები. ბევრი უარყოფითიც გააჩნია, მაგრამ ვცდილობთ, შეძლებისდაგვარად დავუახლოვოთ აუდიტორულ სწავლებას. აუცილებლად უნდა აღვნიშნო – არ ჩამომართვათ თავის ქებაში. ჩემთვის მეტად პატივსაცემი და ჩემზე ბევრად ძლიერი პროფესორებისგან (არა მარტო იტალიელი, ქართველი პროფესორებისგან) გადაწერილ-შესისხლხორცებული მაქვს პრინციპი: „არ არსებობს სულელური შეკითხვა – არსებობს სულელური პასუხი“.
ნებისმიერი კითხვა, ნებისმიერი საკითხის განხილვა მაშინ, როცა ეს უნდა სტუდენტს. ჩემი არც კაბინეტის კარი იკეტება მათთვის და არც სკაიპი თუ ელექტრონული ფოსტა.
სწავლების დონით, თუ ვილაპარაკებთ თეორიული სწავლების დონეზე, ჩვენი უნივერსიტეტის დონე არ ჩამოუვარდება აქაურისას. ფიზიკისა და მათემატიკის სწავლებას თუ განვიხილავთ, ჩამოუვარდება კი არა, პირიქით, სჯობნის კიდეც.
თუ რაიმეთი ჩამოვრჩებით, ეს მეცნიერებასთან უშალო ხელშესახები კუთხით – პრაქტიკული ექსპერიმენტალური სწავლებით.
წელს ეს განსხვავება პანდემიის გამო მოისპო. მაისში უნდა წავიკითხო თეორიული და ლაბორატორიულ-პრაქტიკული კურსი მოლეკულურ ბიოლოგიაში. ანუ, რაც პირველ სემესტრში თეორიულად ვასწავლე, ახლა პრაქტიკულად უნდა შევასწავლო – პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია (PCR-მეთოდი. ამ მეთოდს ქართულად ოქროს სტანდარტად მოიხსენიებენ), გენეტიური ინჟინერია, უჯრედიდან დნმ-ის გამოყოფა-გასუფთავება და მისი მანიპულირება.
დამეთანხმეთ, ძნელია კომპიუტერის ეკრანიდან ისევ თეორიულად აუხსნა, მაგრამ სხვა გზაც რომ არ გვაქვს?!…
ერთ გარემოებას მინდა გავუსვა ხაზი – აქ ჩამოსული ჩვენი სტუდენტები, რომელთაც პიპეტიც არ სჭერიათ ხელში და ხსნარების მომზადება-განზავება თეორიულად აქვთ ნასწავლი, სულ რაღაც თვის შემდეგ, ტოლს არ უდებენ აქაურ სტუდენტებს ლაბორატორიულ სამუშაოებში.
დისტანციურ სწავლებას დადებითიც გააჩნია, ცხადია, მაგრამ უარყოფიიც მრავლად ახლავს (განსაკუთრებითაა აღსანიშნავი საგამოცდო პროცედურის სიძნელე). ვისურვებდი, მალე დაბრუნდეს ნორმალური სწავლების რიტმი და დონე.
 კორონავირუსმა ბევრი რამ შეცვალა დღევანდელ რეალობაში. თქვენ, უწინარესად, რაზე დაგაფიქრათ?

შვილთან ერთად

– თვალშისაცემია – ერთნაირად ემართება მდიდარს და ღატაკს, თავადს და გლეხს. მაგალითები საკმაოზე მეტია. თუნდაც, ინგლისის სამეფო სახლი რად ღირს.
გაგიკვირდებათ, მაგრამ საკუთარი სიცოცხლის განსაკუთრებული, ეგოისტურში რომ გადადის. ისეთი სიყვარული არ მაქვს და სიკვდილისა არ შემშინებია. საკუთარი სიკვდილის, შემიძლია ვთქვა, არ მეშინია. სიკვდილის შიში ნორმალური შიშიაო, ამბობენ. მე სხვათა ცუდად გახდომის უფრო შემეშინდა. შვილებზე, დედაზე, და-ძმაზე და მათ ნაგრამზე, უბრალოდ ნაცნობებზე და უცნობ ადამიანებზე უფრო ვნერვიულობდი.
პირწიგნაკზე შემოსული მეგობრების კომენტარებს რომ ნახავთ, იცით, რამხელა შვებაა?
კომენტარში ან გზავნილში რას წერს, ხშირად არც მახსოვს – დაწერის და კედელზე დადების თარიღს ვარ მიჭიჭინებული.
ადამიანების მიერ სიკეთის ადვილად კეთების უნარი უფრო მკაფიოდ დამანახა – ეს ბედნიერებაა.
ხალხის სამსახურში (დიახ, სამსახურში) მდგარი, ოჯახებს მოწყვეტილი ექიმების თუ სხვა რგოლების წარმომადგენლების ქმედება, დაუფიქრებლად თავით გადაშვება მორევში, სხვების გადასარჩენად (როცა სიკვდილის რისკი რეალურია და არც ისე მცირეა ალბათობა), გმირობის ტოლფასია. ამიტომ უფრო მიყვარს ჩემი ხალხი – გაუაზრებლად რომ ხტებიან ადამიანების დასახმარებლად. „მე ხომ არაფერი მომივაო?“ – ამაზე ფიქრის არც დრო აქვთ და არც სურვილი.
 მაინც, რატომ აირჩიეთ ფიზიკის დარგი მომავალ პროფესიად, მაშინ, როცა უნივერსიტეტში აბარებდით? ამ გადასახედიდან კმაყოფილი ხართ?
– ქუთაისის ფიზიკა-მათემატიკური სკოლა-ინტერნატი დავამთავრე. კურსდამთავრებულებიდან ყველაზე მეტი მათემატიკის მიმართულებას გაჰყვა. ოთხი წავედით ფიზიკის ფაკულტეტზე. მაშინ ბიოფიზიკაზე საკმაოდ ბუნდოვანი წარმოდგენა მქონდა. სკოლის ასაკიდან მინდოდა ისეთი რამ მესწავლა, ლეიკემიის წამლის გამოგონების საშუალებას რომ მომცემდა და მოარჩენდა ამ დაავადება-განაჩენს. ექიმობა არ მინდოდა, სხვათა შორის. ახლა რომ ვუკვირდები, საღად შევაფასე ჩემი შესაძლებლობები. ბიოფიზიკა, ასე ვთქვათ, მოდური სპეციალობა იყო ფიზიკის ფაკულტეტზე. წინა წლებში მიღებული საგამოცდო ნიშნების მიხედვით დააკომპლექტეს ბიოფიზიკის ჯგუფი. ამით მის მოდურობას გავუსვი ხაზი, თორემ ნამდვილი თავები, დღეს უკვე ძალიან ძლიერი და წარმატებული მეცნიერები (ცერნში ქართულის გარდა არანაირი ენა რომ არ იცოდეთ, არ დაიკარგებით და არც არაფერი გაგიჭირებათ, მრავლად არიან ქართველები) კვანტური მექანიკის, თეორიული, ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკის და ამნაირი მიმართულებებით წავიდნენ.

მეუღლესთან ერთად

უნივერსიტეტის მერე ჯერ უჯრედულ ბიოლოგიაში (პეტერბურგში, ასპირანტურაში) გავაგრძელე, შემდეგ კი – მოლეკულური ბიოლოგიის მიმართულებით (პავიის დოქტურანტურაში). უნდა ვთქვა, რომ ამ დარგებს შორის მკვეთრი საზღვრები არ არსებობს. სხვათა შორის, პირველი მოლეკულური ბიოლოგები სწორედ დიდი ფიზიკოსები იყვნენ – აინშტაინი, შრედინგერი…
კმაყოფილი ვარ? ალბათ, კი, უნდა ვიყო. სამეცნიერო ნაშრომების ხარისხი არ უნდა იყოს ცუდი – რაოდენობისაც და ციტირების ინდექსითაც. ბრწყინვალე მეცნიერებთან მიმუშავია და ვაგრძელებ. სტუდენტებთან მუშაობა და ურთიერთობა – ეს მართლაც უდიდესი სიამოვნებაა. ძალიან მიყვარს ახალგაზრდებთან მუშაობაც აუდიტორიაში და ისე, უბრალო შეხვედრებიც – ბარში, საღამოს ვინმეს სადიპლომო ნაშრომის დაცვის აღსანიშნავ შეხვედრებზე…
იცით, რამხელა ბედნიერებაა, როცა ახალ წელს ხუთივე კონტინენტიდან და ქვეყნის ხუთივე ნაწილიდან რომ მოგილოცავენ სტუდენტები? რამდენჯერმე მივიღე ასეთი მოლოცვები.
საქართველოს ტექნოლოგიური უნივერსიტეტის სამეცნიერო საბჭოს წევრი გახლავართ და მეამაყება, ისეთ მეცნიერებთან მიხდება ურთიერთობა. შეძლებისდაგვარად, ვცდილობ, არ გავწყვიტო კავშირი ჩვენს უნივერსიტეტთან – ჩვენს ბიოლოგებთან და ბიოფიზიკოსებთან.
ხშირად აქვეყნებთ ფეისბუქგვერდზე მოგონებებს, ჩანახატებს, ჩანაწერებსროგორია შორიდან დანახული საქართველო?
– შორიდან დანახული საქართველო ისეთივე ლამაზია, როგორც შიგნიდან, გულისგულიდან დანახული. ამას მონატრება და, თუ არ დამძრახავთ, ან ნამეტანი გულუბრყვილობაში თუ არ ჩამომართმევთ, ნოსტალგია ემატება. ეცადეთ, წარმოიდგინოთ, ემიგრანტის თვალებით დანახული დედა. მას ადრე ვერ და არ ამჩნევდი, წლები თუ ემატებოდა. დედები ყოველთვის ახალგაზრდები არიან, თუ ყოველდღე მასთან ხარ. ეცადეთ, დაინახოთ სკაიპით შემჩნეული ახალი ნაოჭი, რომელიც წინა კვირას არ ეტყობოდა.
შვილები იზრდებიან თვალდათვალ – „როგორ გაწვრილებია ხმა ჩემს ბიჭს, ვაჟკაცდება“,  კინაღამ ხმამაღლა წამოსცდება სკაიპის აქეთა ეკრანს მიჭიჭინებულ დედას…
ბევრს ახსოვს დიდებული, ყველა ნერვით ქართველის, სულგანათლებული რეზო თაბუკაშვილის დოკუმენტური ფილმები ქართველ ემიგრანტებზე. ბევრ ჩვენს თანამემამულეს, ბევრ ემიგრანტს მოეფერა და მოესიყვარულა ბატონი რეზო – თაბუკაშვილისეული უკიდეგანო სიყვარულით მოეფერა. საქართველო და იქაური სიყვარული ჩამოგვიტანაო, შეხვედრებით ბედნიერები იყვნენ ემიგრანტები.
ტელეეკრანზე დოკუმენტური ფილმების გამოსვლიდან, მომდევნო რამდენიმე წელიწადს ვიგებდით ცნობებს იმ დიდი ემიგრაციის ცალკეული პიროვნებების გარდაცვალების შესახებ.
ერთმა კარგმა ადამიანმა ამიხსნა – ახალი ძალით იფეთქაო ემიგრანტებში ნოსტალგიამ და სამშობლოს მონატრებამ… ამანაც დააჩქარაო, ალბათ, ისედაც უკვე ხნოვანი ემიგრანტების ზეციურ საქართველოში გადასახლება.
 რამდენიმე წლის წინ გაახმიანეთ მშვენიერი იდეა, თბილისში ემიგრანტების ხეივნის გაშენებისა. თუ დაინტერესდა ვინმე ამ იდეით? ანუ რა ბედი ეწია ამ წამოწყებას?
– თქვენ ახლა კიდევ ერთ მგრძნობიარე სიმს შეეხეთ.
გაჩნდა ჩვენი ხალხის, საქართველოში დარჩენილებისა და დროებითი ემიგრანტების ერთიანობის კედლის აშენების და მის წინ ერთიანობის ხეივნის გაშენების იდეა. ეს ოცნება არაა მხოლოდ ჩემი: საქართველოს ცენტრში, თბილისთან ახლოს, თუნდაც მცხეთის მიდამოებში გავაკეთოთ ემიგრანტთა კედელი. პროფესორმა მარინე ბერიძემ, არაჩვეულებრივმა მეცნიერმა და ჩემმა ძუძუმტემ მირჩია სელინჯერის კედელივით გავაკეთოთო. ორი კედელი, კუთხეში რომ ერთდება. თუ სადმე პატარა ადგილს გამოგვიყოფენ და დაგვეხმარებიან, ავაშენებთ ერთიანობის კედელს და გავაშენებთ ემიგრანტთა, ან გნებავთ, ერთიანობის ხეივანს. უცხოეთიდან ჩამოსული ყოველი ქართველი თითო ხეს დარგავს.
„გოდების კედლის“ ასოციაცია დაინახა ზოგიერთმა ემიგრანტმა.
რატომაც არა?!… მშვენიერი ასოციაციაა.
„გოდების კედლის“ დამსახურებაცაა მის ამშენებელ ხალხს და ქვეყანას მოწიწებით რომ ელაპარაკებიან. ამ თემაზე ყველასთან ვლაპარაკობ, ყველას შევჩივი. ბატონი დ. ნარმანიას მერობისას, თითქოს შეიმჩნეოდა მერიის დაინტერესება. დაინტერესება იყო ბატონი კახის მერობის დასაწყისშიც და ქალბატონი პრეზიდენტის ყურამდეც მივიდა, როგორც მითხრეს. მაგრამ ამის იქით საქმე არ წასულა.
ახლა, კორონავირუსის პანდემიის ეპოქაში, ალბათ, ძნელია ამაზე ლაპარაკი. მალე გადაივლის ეს სახადი და მერე შეიძლება იდეის ხორცშესხმაზე ვიფიქროთ.
ოცნებაში ვხედავ ერთობის კედელს, თითოეული ემიგრანტის მიერ დარგულ ხეს, ფერეიდნელი დების და ძმების გაშენებულ მწკრივს, ჩვენი ისრაელელი მეგობრების, ჩვენი ქართველი ებრაელების მიერ გაშენებული ხეების მწკრივებს – ორივე მხრიდან დიდი სიხარულით მზადყოფნის გზავნილები მივიღეთ.
ყველას ვეაჯები დახმარებას მთავრობამდე ამბის მიტანაში და მათ დარწმუნებაში – ჩემს მეგობარ მწრლებს და პოეტებს, ახლა თქვენც გეხვეწებით, ქალბატონო თამარ, და თქვენს რედაქციას. იმედი მაქვს, ერთხელაც იქნება და ასრულდება ეს ოცნება.
ხომ არ აპირებთ წიგნის გამოცემას, სადაც თქვენი ჩანაწერები და მხატვრული ნაწარმოებები შევა?
– უნდა გავამხილო, რომ პირველი წიგნი ორმოცდათვრამეტი წლისამ გამოვეცი. გავბედე, მართალი რომ გითხრათ. პირველის გაბედვა ყოფილა ძნელი.
მოთხრობების კრებული „ემიგრანტის ჩანაწერები, წიგნი I -შინისაკენ“. პირველი გამოცემა – გამომცემლობა „ინტელექტი“, 2018; მეორე გამოცემა – გამომცემლობა „წიგნი+ერი“, 2020;
„ემიგრანტის ჩანაწერები, წიგნი II – ომიდან ომამდე… და შემდეგ“. გამომცემლობა „წიგნი+ერი“, 2019;
„ემიგრანტის ჩანაწერები, წიგნი III – „ნუ მოკლავთ დაღლილ ანგელოსს!“ (სტამბაშია) გამომცემლობა „წიგნი+ერი“, 2020.
 ოჯახი. მეუღლე, სამწუხაროდ, გარდაგეცვალათშვილები რას საქმიანობენ?
– მეუღლე… 2011 წელს გარდამეცვალა. მოულოდნელი ელდა იყო. დავრჩით მე და შვილები.
დავეხმარეთ ერთმანეთს, როგორადაც შევძელით. უნდა ვთქვა, შვილები უფრო მომეხმარნენ, ვიდრე მე მათ.
ორივე შვილი ჩემთანაა.  ქრისტინემ უნივერსიტეტის ლიტერატურისა და ენების ფაკულტეტის ორი კურსის დახურვის შემდეგ გამომიცხადა, დროებით შევწყვეტ სწავლას, უნდა ვიმუშაოო. ლუკა ეკონომიური დეპარტამენტის სტუდენტია.
არ ვიცი, რამდენად კარგი ან ცუდი მამა ვარ, ერთ რამეში კი დავრწმუნდი – ჩვენი შვილების თაობა ბევრად თავისუფალია და თავისუფლების გამო უფრო პასუხისმგებლიანები არიან. ჩემს შვილებზე არა, საერთოდ, ჩვენი შვილების თაობაზე ვამბობ.
შვილებს ჩემს აზრს თავს არ ვახვევ. მოვინდომო კიდეც, არ გამოვა. ბედნერი ვარ, საღად მსჯელობენ. თითქმის არაფრით განსხვავდებიან  თანატოლებისგან – განსხვავებულად, მაგრამ კეთილგანწყობით და დაუფარავად ამბობენ თავიანთ სათქმელს.
რას ეტყოდით ქართველ ემიგრანტებს?
– ვისარგებლებ თქვენი პორტალით და მინდა მივმართო მსოფლიოში გაბნეულ დროებით ემიგრანტებს და  ჩვენს ხალხს საქართველოში – ქრისტე აღსდგა!
ღმერთმა მრავალ ბედნიერ და სიხარულიან ბრწყინვალე აღდგომას მოგასწროთ!
გაივლის ეს საშიშროება, მალე გაივლის! და ჩვენ აუცილებლად მოვეფერებით ჩვენს ქვეყანას და ჩვენს ახლობლებს.
დღეს ჩვენს სამშობლოს ჩვენი დახმარება სჭირდება.
მაპატიეთ, კიდევ უნდა გავიმეორო – პათეტიკად ნუ ჩამითვლით, გთხოვთ – ჩვენმა სამშობლომ მოგვცა, რაც შეძლო!… ალბათ ვინმე ჩათვლის, რომ ვერ მოგვცა იმდენი, რამდენიც გვინდოდა, ვერ მოგვცა იმდენი, რამდენიც საჭირო იყო…
ძნელი პერიოდები გამოვიარეთ და სამშობლოც გამოვატარეთ – ერთმანეთს ტყვია ვესროლეთ. ყველამ ერთად კი სამშობლოს ვესროლეთ. ვძარცვეთ კიდეც იგი.
ისიც ვერ იქცეოდა ყოველთვის ისე, სამშობლო რომ უნდა ექცეოდეს მის გულში შობილებს. მაგრამ ის შენი, ჩემი, მისი, ჩვენი სამშობლოა!… და, დღეს მას უჭირს.
ავადმყოფ დედას არ შეიძლება გავუხსენოთ, ბავშვობაში ბროწეულის წკეპლა თუ შემოუცხია კანჭებზე. ავადმყოფ დედას სული და გული უნდა ვანაცვალოთ. დღეს უჭირს ჩვენს სამშობლოს – მივცეთ მას იმდენი, რამდენიც შეგვიძლია უმტკივნეულოდ გავიღოთ.
ჩვენგან გაღებული თითოეული ლარი წაადგება მას.
StopCov-ფონდით სამშობლოს ვეხმარებით – ჩვენს ახლობლებს, საქართველოში მცხოვრებ ჩვენს დედებს და მამებს, დებს, ძმებს, ბებია-ბაბუებს ვეხმარებით.
საქართველოში მასობრივი შიმშილობა არასოდეს ყოფილა ჩვენი ოთხიათასწლოვანი ისტორიის მანძილზე. არც ამჯერად იქნება – ერთად ყოფნით და თითოეულისგან მცირედი დახმარებით ავაცილებთ ასეთ მძიმე განსაცდელს ჩვენს ქვეყანას.
მიყვარხართ, ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა დალოცოს საქართველო!

 

თამარ შაიშმელაშვილი

 

 

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები