ზურაბ ქურასბედიანი: აღაიანში გამართული აქცია პოლიტიკურად მართული პროცესია
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ აღაიანში მოსახლეობის მიერ გამართულ აქციას აღაიანის ტერიტორიული ერთეულის რწმუნებული, ზურაბ ქურასბედიანი “პოლიტიკურად მართულს” უწოდებს. მისი განცხადებით, ქვეყანაში შექმნილი მძიმე ვითარების პირობებში აღაინში მცხოვრებმა აზერბაიჯანელმა მოსახლეობამ სახელმწიფოს მხრიდან უკვე რამდენჯერმე მიიღო დახმარება, სოციალური პაკეტების სახით.
„დღევანდელი აქცია, რომელიც ამ სოფელში მცხოვრებმა აზერბაიჯანელმა მოსახლეობამ გამართა, დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ იყო პოლიტიკურად მართული. ძალიან ცუდი ტონია, როდესაც ქვეყანა ასეთ ვითარებაშია, ყველა ერთად ვებრძვით პანდემიას და 20-კაციანი მართული ჯგუფი ასეთი სახის აქციებს მართავს. მესმის მათი მოთხოვნების, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამ ხალხს აზერბაიჯანის წარმომადგენლებმა უკვე გაუწიეს დახმარება. ახლა ჩვენ ვგეგმავთ სოციალური პაკეტების შექნმასა და დახმარების გაწევას. რაც შეეხება სასმელი წყლის პრობლემას – ამ აქციის თითოეულმა მონაწილემ, თუ შეიძლება აქცია ეწოდოს, კარგად იცის, რომ პროექტი უკვე დასრულებულია და განხორციელებას ხელი მხოლოდ და მხოლოდ ქვეყანაში არსებულმა მდგომარეობამ შეუშალა. ძალიან ცუდი ტონია მაშინ, როდესაც ყველას გვმართებს ერთად დგომა და ამ საშინელი პანდემიისგან თავის დაცვა და ასეთი სახის შეკრბები იმართება”, – განაცხადა ზურაბ ქურასბედიანმა.
აქციის ერთ-ერთი მონაწილე, ემილ ხალილოღლი “რეგიონულ კვირასთან” ამბობს, რომ აქციის მიზანი იმ შეზღუდვების მიმართ პროტესტის გამოთქმა იყო, რაც კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით მთელს საქართველოში დაწესდა.
„შეზღუდვების მერე ის პრობლემები შეგვექმნა, გადაადგილება საკვების ყიდვის მიზნით არ შეგვიძლია. ვერსად გავდივართ, ვერანაირად. მოკლედ რომ ვთქვა, ვიხოცებით შიმშილით. დასალევი წყალი არ გვაქვს. ჩვენ გადავწყვიტეთ, დღეს შევკრებილიყავით და გვეთქვა ჩვენი პრობლემების შესახებ“, – განაცხადა ემილ ხალილოღლიმ.