სამეგრელო-ზემო სვანეთის საკარანტინე სივრცეებში მოქალაქეთა რაოდენობა 60-ით გაიზარდა
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, ანაკლია-განმუხურის საკარანტინე სივრცეებში ამ დროისთვის 92 მოქალაქე იმყოფება. აღნიშნულმა მონაცემმა, გუშინდელთან შედარებით, 60-ით მოიმატა, რაც სხვა რეგიონებიდან მოალაქეების გადმოყვანას უკავშირდება.
რაც შეეხება რეგიონში თვითიზოლაციაში მყოფ პირებს – 194 პირია თვითიზოლაციაში, 843 მოქალაქეს კი თვითიზოლაციის ვადის გასვლის გამო ზედამხედველობა მოეხსნა.
ლუგარის ლაბორატორიაში რეგიონიდან ცხრა ნიმუშზე პასუხს დღის ბოლომდე ელოდებიან. ხოლო გუშინ გაგზავნილი 14 ანალიზის პასუხი „კოვიდ19-ზე“ უარყოფითია.
მას შემდეგ, რაც კორონავირუსით ინფიცირებული ორი პაციენტი ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში გამოჯანმრთელდა, „კოვიდ19-ის“ ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.
შეგახსენებთ, რომ, ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 420 დადასტურებული შეთხვევაა, მათგან 107 უკვე გამოჯანმრთელდა, 5 კი გარდაიცვალა. ამ დროისთვის, ქვეყნის მასშტაბით, კარანტინის რეჟიმში 5223 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 584 პირია.