ტირიფონის სარწყავი სისტემის მაგისტრალურ არხზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“ ქვეყნის მასშტაბით სამელიორაციო ინფრასტრუქტურულ პროექტებს აქტიურად ახორციელებს.
შიდა ქართლში წყალუზრუნველყოფის გაუმჯობესების მიზნით, სარწყავ სისტემებზე სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს.
როგორც “კვირას” გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, ნატანი მასისა და შლამისგან მეჯვრისხევი-ბარშუეთის მონაკვეთზე ტირიფონის მაგისტრალური არხი იწმენდება.
ექსპლუატაციის პროგრამით გატარებული ღონისძიებები არხში წყლის შეუფერხებლად გადინებას უზრუნველყოფს, რაც სარწყავი წყლის მიწოდებას 1200 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე გააუმჯობესებს. აღნიშნული სამუშაოები, ასევე, ნადარბაზევის წყალსაცავის დროულად შევსებას შეუწყობს ხელს.
აღდგენილი საირიგაციო სისტემით გორისმუნიციპალიტეტის 8 სოფლის: მეჯვრისხევის, ზერტის, კირბალის, კვარხეთის, ხელთუბნის, ბერშუეთის, ზემოსობისისა და ხურვალეთის მოსახლეობა ისარგებლებს.
დღეისათვის შიდა ქართლში სამელიორაციო ინფრასტრუქტურის 7 სარეაბილიტაციო პროექტი მიმდინარეობს.