ირაკლი კობახიძე: შემოღებულია საკმაოდ მკაცრი შეზღუდვები, თუმცა ისინი უფრო რბილია, ვიდრე – სხვა ევროპულ ქვეყანაში
„საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში ერთი თვით, 22 მაისამდე გაგრძელდა. ამ მდგომარეობის ფარგლებში, ხელისუფლებას, მთავრობას, აქვს ლავირების შესაძლებლობა. ჩვენ გვაქვს საშუალება, ყოველდღიურ რეჟიმში დავაკვირდეთ მოვლენების განვითარებას, ეპიდემიის გავრცელების დინამიკას და ამის შესაბამისად შეგვიძლია, მივიღოთ შედარებით მკაცრი ან რბილი ზომები”, – აღნიშნულის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის” ეთერში გადაცემა „დღის ქრონიკაში” განაცხადა.
“ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ ტენდენცია, დინამიკა იქნება დადებითი, თუმცა არაფრისგან ვართ დაზღვეული. ჩვენ უნდა ვიყოთ მზად ყველაზე რთული სცენარისთვის, უნდა დავიზღვიოთ თავი და დავაზღვიოთ ჩვენი მოქალაქეები ასეთი სცენარებისგან. აქედან გამომდინარე, შემოღებული არის საკმაოდ მკაცრი შეზღუდვები, თუმცა ეს მკაცრი შეზღუდვები არის უფრო რბილი ვიდრე მოქმედებს არაერთ ევროპულ ქვეყანაში, გამომდინარე იმ უფრო რთული ეპიდემიური ვითარებიდან, რომელიც იქ არის ჩამოყალიბებული”, –
ჩვენ უნდა დავაკვირდეთ მოვლენების განვითარებას და იმის მიხედვით, თუ როგორი იქნება დინამიკა, უნდა მივიღოთ გადაწყვეტილებები, ზომების გამკაცრების თუ შერბილების თაობაზე. თანდათანობით ჩვენ უნდა წავიდეთ ზომების შერბილებისკენ. აქ, პირველ ყოვლისა, გასათვალისწინებელია ეკონომიკური და სოციალური ფაქტორები. რაც უფრო დიდხანს გრძელდება მკაცრი შეზღუდვები, მით უფრო მძიმეა ეკონომიკასა და სოციალურ მდგომარეობაზე ტვირთი. ჩვენ მაქსიმალურად პროპორციული ზომები უნდა მივიღოთ. როგორც კი შეიქმნება სათანადო პირობები სხვადასხვა შეზღუდვის მოსახსნელად, მაშინვე მოიხსნება ეს შეზღუდვები”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისი თქმით, მთავრობას აქვს შემოთავაზებული სცენარი, რომლის მიხედვითაც ცალკეული სფეროები შეზღუდვებისგან თანდათანობით უნდა გათავისუფლდეს.
„ეს ყველაფერი დამოკიდებულია ზოგად დინამიკაზე თუმცა, არსებობს წინასწარ მკაფიოდ გაწერილი გეგმა, რომელსაც პრემიერმინისტრი საზოგადოებას უშუალოდ წარუდგენს. თანდათანობით ჩვენ წავალთ შეზღუდვების შერბილებისკენ და მოხსნისკენ”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.