მიხეილ სააკაშვილი: ზელენსკისგან რეფორმების საკითხთა ვიცეპრემიერის თანამდებობის დაკავების წინადადება მივიღე

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის თქმით, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მას რეფორმების საკითხთა ვიცეპრემიერის თანამდებობის დაკავება შესთავაზა.

ამის შესახებ სააკაშვილმა Facebook-ის პირად გვერდზე დაწერა.

სააკაშვილის თქმით, საკითხთან დაკავშირებით ქვეყნის პრემიერთან, დენის შმიგალთან შინაარსობრივი და სასარგებლო საუბარი გამართა, რომლის დროს დეტალურად იქნა ყველა ის საკითხი განხილული, რომელიც მის სამომავლო სამსახურს უკავშირდება.

“არჩევნების დროს პრეზიდენტ ზელენსკის ვუჭერდი მხარს, ვუჭერ მხარს მთელი იმ ხნის განმავლობაში, რაც ის თანამდებობას იკავებს, მის გუნდს დიდ იმედებს ვუკავშირებ. ამ წინადადებასა და საკუთარ გადაწყვეტილებას ძალიან პასუხისმგებლობით ვეკიდები, რადგან ახლა ქვეყნისთვის რთული დროა. წინ რთული პერიოდი იქნება ეკონომიკაშიც და, საბოლოოდ, ქვეყნისთვის. ახლა  როგორც არასდროს, უნდა ვიყოთ თამამები საკუთარ გადაწყვეტილებებსა და რეფორმებში.

უმაღლეს რადას საკუთარ წინადადებებს წარვუდგენ კონკრეტულ ცვლილებებთან დაკავშირებით, რომლებიც როგორც უკრაინის ფარგლებს გარეთ ყოფნის დროს, ისე უკრაინაში მუშაობის დროს გამომიმუშავდა ნეგატიური და დადებითი გამოცდილებაზე დაყრდნობით.

პრეზიდენტის გუნდთან ერთად, მზად ვარ, ვიმუშაო პარლამენტში ყველა პატრიოტულ ძალასთან, ასევე, საზოგადოებაში სხვა ძალებთან, რომ უკრაინამ ნაკლები დანაკარგით გადაიტანოს მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი და ყველა გამოწვევას გაუმკლავდეს. იმედი მაქვს, გუნდის საიმედო წევრი ვიქნებით და უკრაინას გამოვადგები, რომ ხალხისთვის რამე სასარგებლო გავაკეთო”, – დაწერა სააკაშვილმა.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, უმაღლესი რადა სააკაშვილის თანამდებობაზე დანიშვნის საკითხს, სავარაუდოდ, 24 აპრილს განიხილავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები