შსს მოუწოდებს მოქალაქეებს, რომ საგანგებო მდგომარეობის წესებთან დაკავშირებით და დროებითი ნებართვების შესახებ “112”-ზე არ დარეკონ

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, რომ საგანგებო მდგომარეობის წესებთან დაკავშირებით და დროებითი ნებართვების შესახებ “112”-ზე არ დარეკონ, – ამის შესახებ უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

შსს-ს ინფორმაციით, “112”-ის თბილისისა და რუსთავის ცენტრები გადატვირთულია არამიზნობრივი ზარების გამო.

“მოქალაქეები გადაუდებელი დახმარების ერთიან ნომერს – “112”-ს უკავშირდებიან ქვეყანაში მოქმედი რეგულაციებისა და საგანგებო მდგომარეობის წესების თაობაზე, ასევე, საინფორმაციო სახისა და ეგრეთ წოდებული დროებითი ნებართვების შესახებ შეკითხვებით, რის გამოც გადატვირთულია “112”-ის თბილისისა და რუსთავის ცენტრები.

21 აპრილს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ “112”-ში 16908 ზარი შემოვიდა. შემოსული ზარების 65 % იყო არამიზნობრივი ხასიათის. დღეს, 22 აპრილს, 12 საათის მონაცემებით, სულ შემოვიდა 4966 ზარი. შემოსული ზარების 63 %, ასევე, არის არამიზნობრივი.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, რომ საგანგებო მდგომარეობის წესებთან დაკავშირებით და დროებითი ნებართვების შესახებ “112”-ზე არ დარეკონ. საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი “112” გადაადგილებასთან დაკავშირებით დროებით ნებართვებს არ გასცემს.

მოქალაქეები, ვისაც რეალურად სჭირდება გადაუდებელი დახმარება, სახანძრო-სამაშველო სამსახურის, სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა ან საპატრულო პოლიციის გამოძახება, გადატვირთულობის გამო ვერ ახერხებენ “112”-თან დაკავშირებას.

გთხოვთ, მიეცით დაკავშირების საშუალება მათ, ვისაც რეალურად სჭირდება გადაუდებელი დახმარება და საგანგებო სამსახურების გამოძახება, ვისთვისაც წამები გადამწყვეტია”, – ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები