ალექსანდრე ქანთარია: შინ ვილოცოთ, შინ დავრჩეთ სახლში!..
განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ალექსანდრე ქანთარია მოქალაქეებს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ულოცავს და კორონა-ვირუსის გამო შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით, სახლში დარჩენისკენ და შინ ლოცვისკენ მოუწოდებს.
„დღეს არნახული განსაცდელის წინაშე ვდგავართ.
უხილავმა მტერმა დიდი ხანია შემოაღწია საქართველოში და აქამდე უჩვეულო ბაქტერიების ლეგიონები დაძრწიან ჩვენს ქვეყანაში, მაგრამ, რადგან ვერ ვხედავთ და ვერც მათი საომარი ყიჟინა გვესმის, დაინფიცირებულთა რიცხვიც სხვა ქვეყნებთან შედარებით გულის გასახეთქი არ არის, აშკარაა, ხიფათის შეგრძნებაც ნაკლებია. ნაკლებია იქამდე, სანამ ჩვენ ან ჩვენი ახლობლები სარეცელზე არ აღმოვჩნდებით. ეშმაკიც სწორედ აქ არის დაბუდებული. ნუ დავრჩებით ბედის ანაბარა. ნურც ჩვენ და ნურც სხვას გავხდით ეშმაკის კერძად. შინ ვილოცოთ, შინ დავრჩეთ სახლში!..
გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს. ქრისტე აღსდგა!”, – წერს ალექსანდრე ქანთარია სოციალურ ქსელში.