ეკონომიკის სამინისტრო: პირბადეების ტარება დახურულ საჯარო სივრცეში სავალდებულოა – შეკერილია 1,750,000 ცალი, დოლბანდის 12-შრიანი პირბადე
ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შექმნილი სამთავრობო უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებით, დღეიდან, 17 აპრილიდან პირბადეების ტარება დახურულ საჯარო სივრცეში სავალდებულო ხდება. ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.
უწყების ცნობით, სამინისტრომ, რომელმაც, სხვა საჯარო უწყებებთან კოორდინაციითა და კერძო სექტორთან თანამშრომლობით, რეკორდულად მოკლე დროში განახორციელა საყოფაცხოვრებო დანიშნულების 12-შრიანი პირბადეების ადგილზე დამზადების ორგანიზება, ქვეყნის 4 მსხვილ სააფთიაქო ქსელს უკვე მიაწოდა 1 მილიონამდე პირბადე, რომელიც სუბსიდირებული ფასით იყიდება.
“შედეგად, დღეს საქართველოში დოლბანდისგან 12-შრიან პირბადეს 9 საწარმო ამზადებს. ამ დროისთვის უკვე შეკერილია 1,750,000 ცალი პირბადე.
აღსანიშნავია, რომ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა აღნიშნული პირბადის ტესტირება ჩაატარა მიმდინარე წლის 13 მარტს და დაასკვნა, რომ 12-შრიანი პირბადის ნიმუში, რომელიც მზადდება სახელმწიფო პროგრამის – „აწარმოე პირბადე” მონაწილე სამკერვალო საწარმოების მიერ, აკმაყოფილებს შესაბამის სტანდარტსა და პირობებს და შესაძლებელია, გამოყენებული იქნას მრავალჯერადად საყოფაცხოვრებო პირობებში.
ამასთან, საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ ჩვენი ქვეყნის სამედიცინო სექტორს ერთჯერადი სტანდარტული სამედიცინო პირბადეებით სრულად დააკმაყოფილებს წარმოება, რომელიც საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით ამოქმედდა. ადგილობრივი წარმოების 4 მლნ სამედიცინო პირბადეს, ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის მომარაგების მიზნით, ფონდი „ქართუ” შეიძენს და სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადასცემს. უმაღლესი ხარისხის, სამშრიანი სამედიცინო ნიღბები სერტიფიცირებულია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ და სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო სტანდარტებთან.
იმ დროს, როდესაც საჯარო და კერძო სექტორის თანამშრომლობის შედეგად ყველაფერი კეთდება პირბადეებთან დაკავშირებული დეფიციტის დასაძლევად, ცალკეული პოლიტიკური ჯგუფებისა და მათთან აფილირებული მედიასაშუალებების მიერ ვრცელდება არაერთი ცრუ ინფორმაცია, რომლის ერთადერთ მიზანს წარმოადგენს საქართველოს მოსახლეობის შეცდომაში შეყვანა როგორც წარმოებული პირბადეების ხარისხობრივი მაჩვენებლების, ასევე – წარმოებაში კორუფციული ინტერესების შესახებ.
მიგვაჩნია, რომ პანდემიისას, როდესაც მთელი საზოგადოება ერთი საერთო მტრის წინააღმდეგ უნდა მოქმედებდეს, მსგავსი აბსურდული ინფორმაციის გავრცელება სრულიად მიუღებელია,” – ნათქვამია ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.