„უსაფრთხოების გარემო, რომელშიც ვცხოვრობთ, დასაფასებელია და ეს შემთხვევით არ ხდება“ – ამირან სალუქვაძე სუს-ის ანგარიშს აფასებს
“უსაფრთხოების გარემო, რომელშიც ვცხოვრობთ, დასაფასებელია და ეს შემთხვევით არ ხდება”, – ამის შესახებ ბრიგადის გენერალმა, ანალიტიკოსმა სამხედრო-პოლიტიკურ საკითხებში, ამირან სალუქვაძემ მედიაჰოლდინგ „კვირასთან“ საუბრისას განაცხადა.
სალუქვაძემ სუს-ის 2019 წლის ანგარიში შეაფასა.
„მთლიანობაში კარგი ანგარიშია, მოცულობითი. ტრადიციულად ეს ანგარიშები, რომელსაც უსაფრთხოების სამსახური ყოველწლიურად აქვეყნებს, მოიცავს სხვადასხვა სფეროს, გამოწვევებს. რა თქმა უნდა, მთავარი პრიორიტეტი ესაა ოკუპაციიდან მომავალი საფრთხეები, ის მდგოამრეობა, რაც შექმნილია საოკუპაციო ძალის მხრიდან, განსაკუთრებით საოკუპაციო ზოლთან მიმდინარე დარღვევები და აგრესიული ქმედებები ორივე რეჟიმის მხრიდან. აღწერილია სხვადასხვა გამოვლინება და შემთხვევა, რომელსაც ადგილი ჰქონდა წინა წელს, მათ შორის ჩვენს თანამოქალაქესთან, კვარაცხელიასთან მიამართებაში, როგორც იცით, ლეტალურად დამთავრდა და აცხადებდნენ თითქოს თავი ჩამოიხრჩო. რა თქმა უნდა, ოკუპაციის შემდეგ ერთერთი სერიოზული გამოწვევა ესაა თავად ოკუპანტი სახელმწიფოს მხრიდან მომდინარე საფრთხეები. ანგარიშში საუბარია რბილ ძალაზე საინფორმაციო ომზე და ა.შ. საკმაოდ ვრცელი ანგარიშია და ვრცელი თავი ეთმობა ამ ნაწილს, ამ საფრთხეებს. საუბარია ასევე სხვა გამოწვევებზე, მათ შორის ტერორისტულ საფრთხეებზე. აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა შარშან დაამტკიცა ანტიტერორისტული სტრატეგია და იმედია, ეს სტრატეგია ამოქმედდება სრულად და უფრო მეტად განამტკიცებს ქვეყნის უსაფრთხოებას ამ კუთხით. ასევე საუბარია სხვა საფრთხეებსა და გამოწვევებზე, ეს იქნება კორუფციასთან ბრძოლა, ეკონომიკური საფრთხეები და ა.შ.
თვალში მომხვდა კონტრდაზვერვითი ღონისძიებების კუთხით გატარებული ზომები. დეტალები, რა თქმა უნდა, ანგარიშში არ იწერება, 13 სისხლის სამართლის საქმეა ამ კუთხით დაფიქსირებული“, – განაცხადა სალუქვაძემ.
მისივე თქმით, ქვეყნის უსაფრთხოება ყველა ძალოვანი სტრუქტურის ერთობლივი საქმიანობის შედეგია.
„საერთოდ, არ ვაფასებთ უსაფრთხოების იმ გარემოს, რომელიც შექმნილია სახელმწიფოში, თუნდაც ტერორისტული კუთხით, იმ სპეცოპერაციების შემდეგ რომელიც საქართველოში განხორციელდა, საკმაოდ სერიოზული მითქმა-მოთქმები იყო, იმის ნაცვლად, რომ ტერორიზმთან ბრძოლაში სახელმწიფოს, სპეცსამსახურებს დავუდგეთ ხოლმე გვერდში და დავაფასოთ მათი შრომა, პირიქით ხდება და ვებრძვით ამ უსაფრთხოების სისტემას.
ამიტომ, ვფიქრობ, უსაფრთხოების გარემო, რომელშიც ვცხოვრობთ, დასაფასებელია და ეს შემთხვევით არ ხდება. რა თქმა უნდა, ამაში არ მონაწილეობს მხოლოდ სუს-ი, ეს ყველა ძალოვანი სტრუქტურის ერთობლივი საქმიანობაა, დაწყებული დაზვერვით, დამთავრებული სხვა სტრუქტურებით, ეს იქნება თავდაცვა, შსს. რა თქმა უნდა, წამყვანი როლი შიდა უსაფრთხოებაში უკავია სუს-ს ამიტომ, შედეგებით ფასდება ხოლმე მათი საქმიანობა“, – განაცხადა ამირან სალუქვაძემ „კვირასთან“ საუბრისას.