ბრიტანეთი WHO-ს დაფინასების შეწყვეტას არ გეგმავს – ირანში კი ტრამპის გადაწყვეტილებას “სამარცხვინო” უწოდეს
ბრიტანეთი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დაფინასების შეწყვეტას არ აპირებს, – განაცხადა ქვეყნის პრემიერმინისტრის კანცელარიის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.
”კორონავირუსი გლობალური გამოწვევაა, მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნები ამ საერთო საფრთხეს ერთობლივად ებრძოლონ. ბრიტანეთი ორგანიზაციის დაფინანსების შეწყვეტას არ აპირებს, რომელიც ჯანდაცვის წინაშე არსებული გამოწვევების პასუხის გაცემაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს”, – განაცხადა ბორის ჯონსონის წარმომადგენელმა.
საფრანგეთში ტრამპის გადაწყვეტილების გამო მწუხარება გამოთქვეს.
“ვითარებაა, რომლის გამოც, რასაკვირველია, ვწუხვართ, რადგან თქვენ იცით როგორია საფრანგეთის და მისი პრეზიდენტის დამოკიდებულება მულტილატერალიზმის მიმართ”, – განაცხადა საფრანგეთის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, სიბეტ ნდიამ.
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის, მოჰამად ჯავად ზარიფის შეფასებით კი ტრამპის გადაწყვეტილება კორონავირუსის პანდემიის ფონზე შეერთებული შტატებისთვის სამარცხვინოა.
“ისევე, როგორც ირანზე მაქსიმალური ზეწოლა, კორონავირუსის პანდემიის დროს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დაფინანსების შეწყვეტა, სამარცხვინო ლაქად დარჩება”, – დაწერა ზარიფმა. მისი თქმით, ახლა მიხვდება მსოფლიო, რის ატანა უწევდა ირანს.
სტატისტიკის მიხედვით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის უმსხვილესი სპონსორია შეერთებული შტატები, რომელმაც 2018-19 წლებში ორგანიზაციას 553,1 მლნ დოლარი გადაუხადა, რაც ორგანიზაციის ბიუჯეტის 14,67% შეადგენს.
მეორე უმსხვილესი დონორია ბილ და მელინდა გეიტსების ფონდი, რომელმაც 2018-19 წლებში ბიუჯეტის 9,76% უზრუნველყო; შემდეგ მოდის ვაქცინებისა და იმუნიზაციის გლობალური ალიანსი – 8,39%-ით.
რაც შეეხება ორგანიზაციის დამფინანსებელ ქვეყნებს – აშშ-ის შემდეგ, WHO-ში დიდ შენატანს აკეთებს ბრიტანეთი – ბიუჯეტის 7,79% და გერმანია 5,86%.