აჭარაში კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა დადასტურდა
აჭარაში კორონავირუსის კიდევ 4 შემთხვევა დადასტურდა, რომელიც ქობულეთს უკავშირდება. ინფიცირებული არასრულწლოვანი დედასთან ერთად ქუთაისის ცხელების კლინიკაში არიან გადაყვანილნი. დანარჩენ ორს კი ბათუმის ,,მედალფას“ კლინიკაში მკურნალობენ.
გუშინ კორონავირუსზე სკრინინგი 5 000-ზე მეტ პირს ჩაუტარდა, მათგან ანალიზი 75-ს აუღეს. დადასტურებული შემთხვევების კონტაქტირებული პირები 14-დღიან საკარანტინე რეჟიმს გაივლიან.
,,4 დადასტურებული შემთხვევა გვაქვს ამ დროისთვის, ოთხივე ქობულეთის კლასტერია, მათ შორის, ორი ბათუმში მცხოვრებნი არიან, რომლებიც ორი დღის წინ ჩამოვიდნენ ქობულეთიდან, მათი კონტაქტები მოძიებულია და საკარანტინე რეჟიმს გაივლიან. დღეს დღის ბოლომდე 15 პირის ანალიზის პასუხს ველოდებით“, – განაცხადა აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, ნინო ნიჟარაძემ
ბათუმის ,,მედალფას“ კლინიკაში კორონავირუსის დიაგნოზით 29 პაციენტი მკურნალობს. 400-ზე მეტი პირი კი საკარანტინე ზონაში იმყოფება. პაციენტებს შორის ორის მდგომარეობა კვლავ კრიტიკული რჩება.