ლევან დავითაშვილმა და კელი დეგნანმა ონლაინშეხვედრაზე კორონავირუსთან ბრძოლაში საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებების შესახებ ისაუბრეს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩთან, კელი დეგნანთან ონლაინშეხვედრა გამართა.
ელჩმა ყურადღება ახალი კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლაში საქართველოს მთავრობის მიერ დროული და ეფექტიანი პრევენციული ღონისძიებების შედეგად მიღწეულ ხელშესახებ პოზიტიურ შედეგებზე გაამახვილა.
კელი დეგნანმა შექმნილ ვითარებაში მოსახლეობისთვის სურსათის შეუფერხებელი მიწოდებისა და მარაგების კონტროლის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობის კოორდინებული მუშაობითა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ პროცესების ეფექტიანი მართვის შედეგად, ქვეყანაში არ შექმნილა სურსათითა და პირველადი საჭიროების პროდუქციით უზრუნველყოფის პრობლემა.
ელჩმა შეხვედრაზე ვირუსის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლაში მიღწეული პროგრესის შენარჩუნებაში საზოგადოების მხრიდან მაღალი პასუხისმგებლობის გამოჩენის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
ლევან დავითაშვილმა საქართველოში Covid 19-ის გავრცელების შედეგად შექმნილ ვითარებასა და ახალ გამოწვევებზე ისაუბრა. მხარეებმა ქვეყნებს შორის სამომავლო თანამშრომლობის, მათ შორის, მცირე და საშუალო მეწარმეების მხარდაჭერის საკითხები განიხილეს.
მინისტრმა მადლობა გადაუხადა ამერიკის მთავრობას, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა (USAID) და ამერიკის შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის დეპარტამენტს (USDA) აგრარული დარგის განვითარებაში გაწეული მრავალწლიანი, მნიშვნელოვანი მხარდაჭერისთვის.
ონლაინშეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, ხატია წილოსანი ესწრებოდა.