ბოლნისში ეჭვიანობის ნიადაგზე ჩადენილი მეზობლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 9 წელი მიესაჯა

რუსთავის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებული ნ.ბ. დამნაშავედ ცნო. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ნ.ბ.-მ 2020 წლის 1-ელ თებერვალს ბოლნისის რაიონის სოფელ სამწევრისში, ეჭვიანობის ნიადაგზე, შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, მეზობელს ფ.ა.-ს დანით გულმკერდის არეში ჭრილობა მიაყენა. მიღებული დაზიანების შედეგად ფ.ა. ადგილზე გარდაიცვალა.

“სამართალდამცავებმა ნ.ბ. დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე საათში დააკავეს.

ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურამ მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარუდგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა”, – ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

რუსთავის საქალაქო სასამართლომ ნ.ბ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად  თავისუფლების 9 წლით  აღკვეთა განუსაზღვრა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები