“გაგრძელდება თუ არა საგანგებო მდგომარეობა, დამოკიდებულია იმაზე, თუ რა კონკრეტული მოცემულობა გვექნება დაავადების კონტროლთან დაკავშირებით”
“გაგრძელდება თუ არა საგანგებო მდგომარეობა, დამოკიდებულია იმაზე, თუ რა კონკრეტული მოცემულობა გვექნება სახელმწიფოში დაავადების კონტროლთან დაკავშირებით”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ხელისუფლება იმ გამოწვევასთან მიმართებით, რაც დღეს ჩვენს რეალობაში არსებობს, ადეკვატურად მოქმედებს.
„ხელისუფლება მოქმედებს ადეკვატურად იმ გამოწვევასთან მიმართებით, რაც დღეს ჩვენს რეალობაში არსებობს. შესაბამისად, გაგრძელდება თუ არ საგანგებო მდგომარეობა, რომელიც დღეს მთელ ქვეყანაშია შემოღებული, დამოკიდებულია იმაზე, საგანგებო მდგომარეობის დასრულების ჟამს რა კონკრეტული მოცემულობა გვექნება სახელმწიფოში დაავადების კონტროლთან დაკავშირებით. პარლამენტი, რა თქმა უნდა, მხარს დაუჭერს იმ გადაწყვეტილებას, რომელიც საბჭოში იქნება მიღებული, სადაც ხდება აღნიშნულ საკითხზე ყველა უწყების შეჯერებული პოზიციის საბოლოო გადაწყვეტილების მიღება. პარლამენტი იქნება იქ, სადაც საჭიროება არსებობს ჩვენი მოქალაქეების და, რა თქმა უნდა, მთავრობასთან ერთად 24-საათიან რეჟიმში იმუშავებს, რათა ეს დაავადება საქართველოში დროულად დამარცხდეს“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
შეგახსენებთ, საგანგებო მდგომარეობა საქართველოში ერთი თვით, 21 მარტიდან 21 აპრილამდე გამოცხადდა.