ლენტეხში კორონავირუსით დაინფიცირებული მამაკაცის კონტაქტები დადგენილია

ლენტეხში კორონავირუსით დაინფიცირებულ ადამიანის კონტაქტები გამოვლენილია.  53 წლის მამაკაცს ცაგერში 17 პიროვნებასთან, ხოლო ლენტეხში 34 – თან ჰქონდა შემხებლობა. ამ ადამიანების იდენტიფიცირება უკვე მოხდა და ყველა მათგანი განსაკუთრებული მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.

როგორც “რეგიონულ კვირას“ ცაგერის მუნიციპალიტეტის ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა, თეა გურგუჩიანმა განუცხადა,  ცაგერში დაინფიცირებულ მამაკაცთან კონტაქტის 17 შემთხვევაა დადასტურებული და ყველა მათგანი მკაცრ იზოლაციაში იმყოფება.

“ინტენსიურად მიმდინარეობს მათი თერმოსკრინინგი და მონიტორინგი. თითოეულ ამ ადამიანს დაინფიცირებულთან სამსახურეობრივი შეხება ჰქონდათ. ამ მომენტამდე, ​ კორონავირუსისათვის დამახასიათებელი სიმპტომები არცერთ მათგანს აღენიშნება. უბნის ექიმები და ექთნები ინტენსიურ რეჟიმში მუშაობენ, თუ რომელიმე მათგანს რამე სიმპტომი გაუჩნდება, ჩვენ მივიღებთ შესაბამის ზომებს“, – განაცხადა თეა გურგუჩიანმა.

“რეგიონული კვირა“ რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულს, არჩილ ჯაფარიძესაც გაესაუბრა. როგორც მან განაცხადა,  ცაგერსა და ლენტეხში დაინფიცირებულ პაციენტთან მყოფი 51 კონტაქტია გამოვლენილი, აქედან 34 ლენტეხში ფიქსირდება, ხოლო 17 –  ცაგერში.

“გუშინ 5 მათგანს დაუფიქსირდა ტემპერატურის მატება, დღეს კი ტემპერატურა არცერთ მათგანს აქვს, თუმცა ხუთივე მათგანის სინჯები ლაბორატორიაშია გადაგზავნილი და პასუხებს დღის ბოლომდე ველოდებით. გრძელდება შესაძლო კავშირების მოძიება, მაქსიმალურ კონტროლზეა აყვანილი თვითიზოლაციაში მყოფთა გადაადგილება და ჯანმრთელობის მდგომარეობა”, – განაცხადა ჯაფარიძემ.

მისივე განცხადებით, გადაწყვეტილია ცაგერისა და ლენტეხის თითქმის ყველა ოჯახის თერმოსკრინინგი. ასევე, დასახლებულ პუნქტებში  სამედიცინო პერსონალის შემოვლა გრძელდება. ამ ეტაპისთვის, საგანგაშო არაფერია და სიტუაცია კონტროლს სრულად ექვემდებარება.

რაც შეეხება ცაგერსა და ლენტეხში კონტროლის კიდევ უფრო გამკაცრებას – მხარის რწმუნებული ამბობს, რომ  სრულ კოორდინაციაში იმყოფებიან ცენტრალურ ხელისუფლებასთან და, ამ ეტაპზე, მდგომარეობა ზომების გამკაცრებას არ მოითხოვს.

“რეგიონული კვირის” ინფორმაციით, ამ დროისთვის, ლაბორატორიაში ცაგერისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტებიდან 11 ბიოლოგიური ნიმუშია გადაგზავნილი, რომელთა პასუხები დღის ბოლომდე გახდება ცნობილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები