“შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასმა” კარანტინში მყოფ სტუმრებს სიურპრიზი გაუკეთა
COVID-19 -ის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით რამდენიმე სასტუმრო საზღვარგარეთიდან ჩამოსულ ქართველ მოქალაქეებს კარანტინისთვის 14 დღის განმავლობაში მასპინძლობს.
ერთ-ერთი ასეთი სასტუმრო “შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასი” გახლავთ. მათ, ვინც 5-ვარსკვლავიან სასტუმროში 2 კვირა თვითიზოლაციაში დაჰყოფს, ნამდვილად გაუმართლათ. კომფორტისა და ძველი თბილისის ხედებით ტკბობისას დრო, ალბათ, მალე გადის და, შესაბამისად, თვითიზოლაციაც უფრო მარტივი ხდება. თუმცა ამ პერიოდის განმავლობაში “შერატონ გრანდი“ თავის სტუმრებს სხვადასხვა სიურპრიზით ანებივრებს.
გუშინ, ჩვეული ვახშმის მოლოდინში, სტუმრებს სპეციალურად მათთვის მოწვეულმა ცნობილმა შეფმზარეულმა, გურამ ბაღდოშვილმა სასტუმროს ხმოვანი სისტემის საშუალებით მიმართა, ამცნო, რომ მათ ვახშამს სწორედ ის მოუმზადებდა და სტუმრებს ჯანმრთელობა უსურვა.
„მე მჯერა, რომ გემრიელი კერძი კარგი განწყობის გარანტი ნამდვილად არის, ყველას ჯანმრთელობასა და მშვიდობას გისურვებთ“, – აღნიშნა გურამ ბაღდოშვილმა.
შეფმზარეულმა ვახშამი თავისი იმპროვიზაციით მოამზადა და დამსახურებული კომპლიმენტებიც დისტანციურად მიიღო.
როგორც ჩანს, „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასი“ კარანტინის პირობებშიც კი ახერხებს, იზრუნოს სტუმრების განწყობაზე და ნამდვილად იყოს მსოფლიოს თავშეყრის ადგილი.