ლენტეხის ე.წ ცხელების ცენტრში საეჭვო სიმპტომებით 50 წლამდე მამაკაცი მოათავსეს
ლენტეხის ე.წ ცხელების ცენტრის ბოქსირებულ პალატაში საეჭვო სიმპტომებით 50 წლამდე მამაკაცი მოათავსეს და მისი ანალიზები ქუთაისის ლაბორატორიაში გადააგზავნეს.
როგორც ლენტეხის ეპიდემიოლოგმა, ლამზირა ბენდელიანმა განაცხადა, პაციენტის პასუხი, სავარაუდოდ, საღამოს გახდება ცნობილი.
“ამ დილით ლენტეხის „ცხელების ცენტრში“ შემოვიდა 50 წლამდე მამაკაცი, ცხელებითა და მშრალი ხველით, იმ მომენტიდანვე იგი მოთავსდა ბოქსირებულ პალატაში. პაციენტის ანალიზები ავიღეთ და გადავაგზავნეთ ქუთაისის შესაბამის ლაბორატორიაში. ანალიზის პასუხი სავარაუდოდ, დღეს, საღამოს 7 საათისთვის ან ხვალ დილით გახდება ცნობილი”, – განაცხადა ლამზირა ბენდელიანმა.
ცნობისთვის, ლენტეხის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა არ არის. მუნიციპალიტეტში გახსნილია ე.წ ცხელების ცენტრი, სადაც საეჭვო სიმპტომების მქონე ადამიანების მონიტორინგი მიმდინარეობს.