5 და 7 წლის გოგონების მიმართ განხორციელებული გარყვნილი ქმედებისთვის ბრალდებულს 9 წელი მიესაჯა
თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ორი არასრულწლოვანის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედებისთვის ბრალდებული დ.ძ. დამნაშავედ ცნო.
პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებული გარყვნილი ქმედებისთვის პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფმა დ.ძ.-მ 2019 წლის 27 ივლისს თბილისში 5 და 7 წლის გოგონების მიმართ განახორციელა გარყვნილი ქმედება.
სამართალდამცველებმა დ.ძ. 2019 წლის 29 ივლისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით (გარყვნილი ქმედება დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან, ჩადენილი ორი ან მეტი პირის მიმართ, არაერთგზის) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
არასრულწლოვანი დაზარალებულების მართლმსაჯულების პროცესში მონაწილეობის შედეგად შესაძლო ზიანის მიყენების თავიდან აცილების მიზნით, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, არასრულწლოვნების საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით დაიგეგმა. როგორც გამოძიების, ისე სასამართლო განხილვის ეტაპზე არასრულწლოვანი დაზარალებულების დაკითხვა ფსიქოლოგის მონაწილეობით განხორციელდა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ დ.ძ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების 9 წლით აღკვეთა განუსაზღვრა.