ლევან დავითაშვილი: იმ შემთხვევაში, თუ აგრარული ბაზრები გაითვალისწინებენ რეკომენდაციებს და დაიცავენ სტანდარტებს, მაშინ ფუნქციონირებას შეძლებენ
„იმ შემთხვევაში, თუ აგრარული ბაზრები გაითვალისწინებენ რეკომენდაციებს და დაიცავენ სტანდარტებს, რომლებიც სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ არის დამტკიცებული, მაშინ ისინი ფუნქციონირებას შეძლებენ, ძირითადად, საბითუმო პატფორმის ფორმატში”, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა.
დავითაშვილის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ კონკრეტული დაავადების მქონე პერსონალი არ დაიშვება აგრარულ ბაზრებში. 70 წელს გადაცილებული მოვაჭრეებისთვის, ასევე, არსებობს შეზღუდვები.
„აღნიშნული სტანდარტები სურსათის ეროვნული სააგენტოს და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ოფიციალურ გვერდებზეა გამოქვეყნებული. სტანდარტით გათვალისწინებულია მთელი რიგი მოთხოვნები, რომლებიც მკაცრად უნდა დაიცვან ბიზნესოპერატორებმა – ბაზრების ადმინისტრაციამ და რომლებიც ძალიან მნიშვნელოვანია დაავადების გავრცელების თავიდან ასაცილებლად. მოთხოვნები უკავშირდება მოვაჭრე პერსონალის სპეციალური დამცავი საშუალებებით უზრუნველყოფას, ჰიგიენური პირობებისა და სანიტარული პირობების მკაცრად დაცვას, სადეზინფექციო სამუშაოების ყოველდღიურ რეჟიმში ჩატარებას. მოთხოვნები, ასევე, უკავშირდება მიკვლევადობას – თითოეული მოვაჭრე პერსონალის შესახებ ინფორმაციის არსებობას, მათ იდენტიფიკაციასა და რეგისტრაციას იმისთვის, რომ მიკვლევადი იყოს თითოეული მოვაჭრე პერსონალის საქმიანობა, მათი კონტაქტები, მათ შორის, მნიშვნელოვანია, რომ განისაზღვროს, სად მოძრაობდნენ, როგორი იყო მათი მოგზაურობის სტატისტიკა და ისტორია. ძალიან მნიშვნელოვანია, ვისთან იმყოფებოდნენ კონტაქტში ბოლო 14 დღის განმავლობაში. მნიშვნელოვანია, რომ კონკრეტული დაავადების მქონე პერსონალი არ დაიშვება აგრარულ ბაზრებში. 70 წელს გადაცილებული მოვაჭრეებისთვის ასევე არსებობს შეზღუდვები. ეს ყველაფერი გამომდინარეობს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რისკებიდან. დღეს ქვეყანაში უმთავრესი ამოცანა მოსახლეობის ჯანმრთელობის უზრუნველყოფაა. ყველა გადაწყვეტილება, რომელსაც საკოორდინაციო საბჭო იღებს, არის აუცილებელი საჭიროებიდან გამომდინარე და გულისხმობს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვაზე ზრუნვას.
სტანდარტში, ასევე, გათვალისწინებულია ვაჭრობის წესები, მათ შორის, დისტანციები დახლებს შორის, მოვაჭრეების ორგანიზება. იმ შემთხვევაში, თუ პატარა სივრცეებია, მაშინ უნდა შედგეს კონკრეტული სურსათით ვაჭრობის გეგმა, გრაფიკი, რომელიც სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან შეთანხმდება. თოთოეული აგრარული ბაზარი იმუშავებს მხოლოდ კონკრეტულ მუნიციპალიტეტში არსებული შტაბების მიერ მიღებული გადაწყვეტილებით. ასევე, მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ გარდა ადმინისტრაციის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებებისა, სტანდარტი განსაზღვრავს მოვაჭრეების ქცევის წესებსაც, მათ შორის, თითოეულ მოვაჭრეს უნდა ჰქონდეს პირბადე, დაცული ჰქონდეს სანიტარული ჰიგიენური წესები. ასევე, აღსანიშნავია რომ მოვაჭრე პერსონალის ვალდებულებებთან, ჰიგიენასთან და სანიტარულ პირობებთან ერთად დადგენილია მომხმარებლის ვალდებულებებიც. საგანგებო მდგომარეობის შესახებ მთავრობის დადგენილებით 181-ე დადგენილებით განსაზღვრული სანქციები ვრცელდება ამ პირობების დარღვევის შემთხვევაშიც, თითოეულ დამრღვევ სუბიექტზე, ეს იქნება ბიზნესოპერატორი, მოვაჭრე თუ მომხმარებელი“, – განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა.