„სამედიცინო საკითხებზე მსჯელობისას რომელიმე ეთნოსზე დადებით ან უარყოფით ჭრილში აქცენტირება დამაზიანებელია“ – ლომჯარია „მთავარი არხის“ სიუჟეტს აკრიტიკებს

სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია და მასთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა საბჭო 5 აპრილს ტელეკომპანია „მთავარი არხზე“ პროგრამა Post Factum-ში გასულ სიუჟეტს – „გენები კორონავირუსის წინააღმდეგ“, კრიტიკულად აფასებენ. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.

„სიუჟეტში საუბარი იყო ახალ კორონავირუსთან მიმართებით საზოგადოების ნაწილის უპირატესობებზე მათი ეთნიური წარმომავლობის მიხედვით. სიუჟეტის შემდეგ გადაცემის წამყვანმა – გიორგი გაბუნიამ, ასევე, გააკეთა არმენოფობიული განცხადება.
აღსანიშნავია, რომ სამედიცინო საკითხებზე მსჯელობისას რომელიმე ეთნოსზე, დადებით ანდა უარყოფით ჭრილში აქცენტირება დამაზიანებელია იმ კომპლექსური სოციალური ცვლილებების პროცესისთვის, რომლსაც საქართველოში მცხოვრები საზოგადოება თანასწორობის მიღწევისთვის გადის, ხელს უწყობს ქსენოფობიური სტერეოტიპების გაძლიერებას და კონკრეტულ ეთნოსებს დამცირებულ მდგომარეობაში წარმოაჩენს.

დისკრიმინაციის წამახალისებელი გამონათქვამების ტირაჟირება განსაკუთრებით მიუღებელია მედიის მხრიდან, რომელსაც საზოგადოებრივი ცნობიერების ფორმირებაზე არსებითი გავლენა აქვს. მნიშვნელოვანია, რომ ჟურნალისტებმა მაქსიმალურად აიცილონ თავიდან ქსენოფობიური თუ უთანასწორობის ხელშემწყობი სხვა მოსაზრებების გავრცელება, განსაკუთრებით, პანდემიის ფონზე არსებულ დაძაბულ ვითარებაში. როგორც მაუწყებელთა ქცევის კოდექსშია მითითებული, „მაუწყებელმა თავი უნდა შეიკავოს ისეთი მასალის გამოქვეყნებისგან, რომელიც გააღვივებს სიძულვილს ან არატოლერანტობას რასის, ენის, სქესის, რელიგიური კუთვნილების, პოლიტიკური შეხედულებების, ეთნიკური, გეოგრაფიული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე”.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სახალხო დამცველი და მასთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა საბჭო მოუწოდებენ საქართველოს მედიასაშუალებებს, ჟურნალისტებს, საჯარო პირებს, სამოქალაქო აქტივისტებს, ხელი შეუწყონ საზოგადოების კონსოლიდაციას კორონავირუსის და არსებული გამოწვევების დასაძლევად, განსაკუთრებული სიფრთხილით გააშუქონ ქვეყანაში მიმდინარე პროცესები, ყველა ზომა მიიღონ რასობრივი და ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად და არ წაახალისონ ეთნიკური, რელიგიური, ლინგვისტური და სხვა სახის შუღლი და სიძულვილი”, – ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, აღნიშნულ სიუჟეტს არასამთავრობო ორგანიზაციებიც გამოეხმაურნენ.
„სამოქალაქო პლატფორმა “არა ფობიას!” ეხმაურება ტელეკომპანია “მთავარი არხის” „ კორონავირუსის გავრცელებაში გენეტიკური ფაქტორის კვლევის შესახებ მომზადებულ სიუჟეტზე კომენტირებისას გადაცემის წამყვანმა არმენოფობიური შინაარსის შეფასება გააკეთა.
სიუჟეტი შეეხებოდა ჰაპლოჯგუფებთან დაკავშირებულ მსჯელობას ინფექციის მიმართ რეზიზსტენტულობაზე და ჰიპოთეტურ მოსაზრებას, რომ შესაძლოა ქართული გენომის მატარებელი ადამიანები ვირუსის მიმართ უფრო გამძლეები აღმოჩნდნენ. აღნიშნულს გიორგი გაბუნიას შემდეგი კომენტარი მოჰყვა:

“უცხოელი მეცნიერები რას ფიქრობენ, გავიგეთ, მათი ქართველი კოლეგების მოსაზრებებიც ხომ გაგაცანით, ახლა მე ველოდები სომეხი მეცნიერების დასკვნას. ძალიან მაინტერესებს ჩვენი მეზობლები რომელ გენეტიკურ ჯგუფს მიეკუთვნებიან. დარწმუნებული ვარ აღმოჩნდება, რომ მათი დნმ-ი ქართველებისაზე, რა თქმა უნდა, უფრო ძლიერია და კორონავირუსს პირდაპირ ანადგურებს, ვაქცინა და მედიკამენტიც კი არ ჭირდება “

აღნიშნული კომენტარი არმენოფობიურია და ადამიანების ეთნიკური ნიშნით სტერეოტიპიზაციას ახდენს“, – ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები