ნინო ვიბლიანი: აფხაზეთიდან ფოთში გადმოყვანილი ქალის ანალიზის პასუხი კოვიდ-19-ზე უარყოფითია

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილის, ნინო ვიბლიანის განცხადებით, ფოთიდან გაგზავნილ ნიმუშზე, რომელიც აფხაზეთიდან გადმოყვანილ ქალბატონს ეკუთვნოდა, უარყოფითი პასუხი მოვიდა.

,,ამ დროისთვის, ჩვენს რეგიონში გვაქვს კორონავირუსის ორი დადასტურებული შემთხვევა. ისინი მკურნალობას აგრძელებენ ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში ამ დროისთვის გვყავს 68 პირი. ჩვენს რეგიონში, ამ დროის მონაცემებით, თვითიზოლაციაშია – 55 პირი; თვითიზოლაცია დაასრულა – 685 მოქალაქემ. მიმდინარეობს თერმოსკრინინგი სოფლებში, პროცესი უკვე დავასრულეთ ზედაეწერში, ამჟამად, ხდება ინგირსა და შამგონაში”, – განაცხადა ნინო ვიბლიანმა.

შეგახსენებთ, ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 195 დადასტურებული შემთხვევაა, მათგან 39 უკვე გამოჯანმრთელდა, 2 – გარდაიცვალა. ამ დროისთვის, ქვეყნის მასშტაბით, კარანტინის რეჟიმში 4708 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 370 პირია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები