საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრი: ქვეყანაში ვითარება უარესდება
“საფრანგეთს კორონავირუსის ეპიდემიის პიკი ჯერ არ გადაულახავს, ქვეყანაში ვითარება უარესდება”, – განაცხადა ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა, ოლივიე ვერანმა.
“მძიმე მდგომარეობაში მყოფი ადამიანების ჰოსპიტალიზების ტემპები მცირდება, თუმცა მაინც მზარდია. ეს ნიშნავს იმას, რომ ეპიდემიის პიკამდე მისული არ ვართ, ჯერ კიდევ ვითარების გაუარესების სტადიაში ვიმყოფებით”, – განაცხადა მინისტრმა BFMTV-ს ეთერში.
მან ხაზი გაუსვა, რომ ხშირად ესმის საუბრები იზოლაციის დასრულების შესახებ.
“მესმის ფრანგების მოუთმენლობა, მეც ასეთივე ფრანგი ვარ. მაგრამ ჩემი მესიჯია – როგორც არასდროს, არის გადაადგილების შეზღუდვა საჭირო. ეპიდემია საკუთარ გზას აგრძელებს, დაავადებულთა რიცხვი იზრდება, რეანიმაციებში მოთავსებულთა რეკორდს ყოველდღიურად ვხსნით. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ზომები არ მუშაობს. ეს ნიშნავს იმას, რომ ისინი უნდა გაგრძელდეს”, – აღნიშნა ვერანმა.
საფრანგეთში, 6 აპრილის მდგომარეობით, კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 98 984-ს შეადგენს, ვირუსს 8 911 პაციენტი ემსხვერპლა, 17 429 პირი გაწერილია.