ნინო ჩხობაძე: როცა ცხოვრების ჩვეულ რიტმს დავუბრუნდებით, ტრანსპორტთან მიმართებით სხვა პოლიტიკა უნდა გატარდეს

“როცა ცხოვრების ჩვეულებრივ რიტმს დავუბრუნდებით, ფაქტია, რომ ტრანსპორტთან მიმართებით რაღაც სხვა პოლიტიკა უნდა გატარდეს”, – ამის შესახებ მედიაჰოლდინგ „კვირასთან“ საუბრისას გარემოსდაცვითი საკითხების ექსპერტმა, ორგანიზაცია „საქართველოს მწვანეები-დედამიწის მეგობრების“ თავმჯდომარე ნინო ჩხობაძემ განაცხადა.

ჩხობაძე გამოეხმაურა ინფორმაციას, რომლის თანახმადაც საქართველოში ბოლო პერიოდში, საგანგებო მდგომარეობის ფონზე ჰაერის ხარისხი გაუმჯობესებულია.
როგორც ნინო ჩხობაძე აღნიშნავს, სატრანსპორტო პოლიტიკასთან ერთად მნიშვნელოვანი მწვანე ზონების არსებობაა.
„ჰაერის ხარისხი გაუმჯობესებულია, რა თქმა უნდა იმიტომ, რომ, პირველ ყოვლისა, ტრანსპორტის მოძრაობაა შემცირებული. შესაბამისად, გამონაბოლქვი, რომელიც ამ დაბინძურების კერას ქმნის, რეალურად, შედარებით ნაკლებია. რომ დავუბრუნდებით ჩვეულებრივ რიტმს, ფაქტია, რომ ტრანსპორტთან მიმართებით რაღაც სხვა პოლიტიკა უნდა გატარდეს, განსაკუთრებით კი – ურბანულ ქალაქებში. ჩვენ, ჯერჯერობით, არ ვიცით ეს სატრანსპორტო პოლიტიკა თბილისში. ზოგადად, მე ძალიან მაღელვებს ჭავჭავაძის გამზირი, შუა ჭავჭავაძეზე გაკეთებული გაჩერებები. ამან შეიძლება, საერთოდ ტრანსპორტის მოძრაობის დაბრკოლება შექმნას. მარტო ის კი არ არის მნიშვნელოვანი, რომ ტრანსპორტის რაოდენობა შემცირდეს, არამედ ისიც, რომ გამტარიანობა ნებისმიერი ქუჩისთვის კარგი იყოს“, – განაცხადა ჩხობაძემ.
მისივე თქმით, აუცილებელია, რომ მუნიციპალური ტრანსპორტი განვითარდეს.
„მეორე მომენტია, რომ აუცილებელად, უპირობოდ, მუნიციპალური ტრანსპორტი უნდა განვითარდეს. მუნიციპალური ტრანსპორტის განვითარება ნიშნავს პერსონალური მანქანებიდან მუნიციპალურ ტრანსპორტზე გადაჯდომას. მაგრამ ქალაქი ამისთვის მზად არაა, რადგან რაოდენობრივად არ ყოფნის ტრანსპორტი მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი გაკეთდა იმისათვის, რომ უკეთესი სატრანსპორტო პარკი ყოფილიყო მუნიციპალიტეტში.
მეორე მომენტი, რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი, ესაა გამწვანების ზონები, რომელებიც უნდა არსებობდეს. სამშენებლო პოლიგონები არის შუა ქალაქშია. მიუხედავად იმისა, რომ ბევრჯერ ვთქვით, ყველა მშენებარე შენობა უნდა იყოს შეფუთული, შეფუთული მაინც არაა. მტვერი მაინც ვრცელდება ქალაქში. დღეს შედარებით სუფთაა ატმოსფერული ჰაერი ქალაქში იმის გამოც კი, რომ ინტენსიური მშნებლობები არ მიდის ბევრ ადგილას“, – განაცხადა ნინო ჩხობაძემ.
ცნობისთვის, საქართველოში ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელი შემცირდა. ამის შესახებ მედიაჰოლდინგ „კვირას“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ატმოსფერული ჰაერის სამმართველოს ხელმძღვანელმა, ნოე მეგრელიშვილმა განუცხადა.
როგორც ნოე მეგრელიშვილის აცხადებს, ჰაერის ხარისხის გაუმჯობესება ავტოტრანსპორტის მოძრაობის მკვეთრად შემცირების შედეგია.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები