“გახარია კარგი კრიზისმენეჯერი გამოდგა, მაგარი ბიჭია” – კახეთში საკარანტინე სივრცე კიდევ 67-მა ადამიანმა დატოვა (ვიდეო)

კახეთის რეგიონში საკარანტინე ზონა დღეს კიდევ 67-მა პირმა დატოვა, მათ შორის, სასტუმრო-კომპლექს – „ლოპოტაში“ განთავსებულმა 55 -მა მოქალაქემ. მათ იზოლაციის პერიოდი, ორი კვირა სრულად ამოეწურათ. სახლებამდე მოქალაქეების  ტრანსპორტირება ტურისტულმა კომპანიამ, + Dmo visit kakheti-მა უზრუნველყო. სასტუმროს, რეკომენდაციების დაცვით, სრული დეზონფექცია ჩაუტარდა და, ამ ეტაპზე, ადგილზე 13 ადამიანი რჩება.
როგორც „ლოპოტას“ გენერალურმა მენეჯერმა „რეგიონულ კვირასთან“ განაცხადა, სასტუმრომ საზღვარგარეთიდან ჩამოსული მოქალაქეების 2 ნაკადი მიიღო და,  საკარანტინე პერიოდის გასვლის შემდეგ, არცერთ მათგანს კორონავირუსი არ დადასტურებია. „ტერიტორიაზე გვყავს ექიმთა ჯგუფი, 24 საათის განმავლობაში მოწმდება ყველა პირი და ხორციელდება მონიტორინგი.  კარანტინში მყოფ ზოგიერთ ადამიანს  ჩივილები ჰქონდა – დაბალი სიცხით, მაგრამ მათ კორონავირუსი არ დადასტურებიათ“, – განაცხადა ანდრეი ვლასოვმა.

მოქალქეები, რომლებმაც დღეს საკარანტინე სივრცე დატოვეს, “რეგიონულ კვირასთან” აცხადებენ, რომ საკარანტინე პერიოდის განმავლობაში მათ ექიმების ჯგუფი სისტემატურად ამოწმებდა. მოქალაქეები, ასევე, აღნიშნავენ, რომ სახელმწიფომ კორონავირუსის წინააღმდეგ მიზანმიმართული რეგულაციები დროულად მიიღო, რაც ვირუსთან ბრძოლისას ეფექტური აღმოჩნდა.
„უკრაინიდან ჩამოვედი. 14 დღეს მოგვიწია აქ ყოფნა და მადლობელი ვარ სახელმწიფოსი, რომ ყველაფერს ცდილობენ, თავიდან აიცილონ კორონავირუსი და ყველაფერს აკეთებენ ამისთვის“, – ამბობს ერთ-ერთი მოქალაქე.
„22 მარტს შემოგვიყვანეს სასტუმროში. მოწესრიგებული და ორგანიზებული აღმოჩნდა სახელმწიფო. ყველაფერი იყო ძალიან მაღალ დონეზე. იმიტომ გვაქვს კარგი სიტუაცია ქვეყანაში, რომ სახელმწიფო დროულ რეაგირებას ახდენს ფაქტებზე და უცხო ქვეყნიდან ჩამოსულებს პირდაპირ კარანტინში გზავნის. სწორი სტრატეგია ავირჩიეთ და ძალიან მაგარი ექიმები გვყავს. არანაირ პოლიტიკურ განცხადებას არ ვაკეთებ – გახარია კარგი კრიზისმენეჯერი გამოდგა, მაგარი ბიჭია“, – აღნიშნა მოქალაქემ, რომელმაც საკარანტინე სივრცე დღეს დატოვა.

ცნობისთვის, კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში, მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებითა და მთავრობის დადგენილებით, ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ საქართველოს მასშტაბით ამ დროისთვის 86 სასტუმროში საკარანტინო სივრცეების მოწყობას გაუწია ორგანიზება. საკარანტინო სივრცეებში არსებული განთავსების პირობები სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო ჯანდაცვის ორგანიზაციისა და ეროვნული კანონმდებლობით გათვალისწინებულ ნორმებთან საკარანტინო სივრცეების მოწყობის შესახებ.
​შეგახსენებთ, StopCov.ge-ს მონაცემების თანახმად, ამ დროისთვის, საქართველოში კორონავირუსის 188 შემთხვევაა დაფიქსირებული, გამოჯანმრთელდა 36 ადამიანი, მათ შორის გარდაიცვალა 2 ადამიანი. კარანტინის რეჟიმში რჩება 5056, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 386 პირი გადის.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები