3 მილიარდი მანათი COVID-19-ის შედეგების გასანეიტრალებლად – აზერბაიჯანის მთავრობის ანტიკრიზისული გეგმა

აზერბაიჯანის მთავრობის გადაწყვეტილებით, COVID-19-ის შედეგების გასანეიტრალებლად ქვეყნის მშპ-ს 3.6 %, ანუ, დაახლოებით, 3 მილიარდი მანათი (1 765 მილიონი დოლარი ) დაიხარჯება.

აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, კორონავირუსის პანდემიით დაზარელებული იმ საწარმოების, დაახლოებით, 300 ათასი თანამშრომელი, რომელიც დროებით უმუშევრები დარჩა, ხელფასის ნაწილს 2 თვის განმავლობაში მიიღებს. როგორც report.az წერს, ამ მიზნით, მთავრობამ 215 მილიონი მანათი გამოყო. იგეგმება, ასევე, საჯარო სამსახურში 50 ათასი ახალი სამუშაო ადგილის შექმნა.

როგორც ადგილობრივ მედიას აზერბაიჯანის ეკონომიკური რეფორმებისა და კომუნიკაციების ანალიზის ცენტრის დირექტორმა, ვუსალ გასიმლიმ განუცხადა, მიმდინარე და პოსტკრიზისულ პერიოდში ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის მთავარი პრიორიტეტები მშენებლობა, სამთო, ნავთობქიმიური მრეწველობა, ციფრული ეკონომიკა, ტრანსპორტი, ვაჭრობა, ლოჯისტიკა, ტელეკომუნიკაცია, შიდა ტურიზმი, სოფლის მეურნეობა და გადამამუშავებელი მრეწველობა იქნება.

სატრანსპორტო, კერძოდ სამგზავრო გადაზიდვების მხარდასაჭერად, მთავრობა 280 მილიონ მანათს გამოყოფს (164 მილიონი დოლარი).

გასიმლის თქმით, აზერბაიჯანის მთავრობა ყველაფერს აკეთებს საჯარო და კერძო სექტორში 1,574,000 თანამშრომლის დათხოვნის თავიდან აცილების მიზნით და შვებულებაში მყოფი მოსამსახურეების ხელფასების შესანარჩუნებლად.

20 000-მდე ადამიანი მიიღებს უმუშევრობის დაზღვევის შეღავათებს. აპრილისა და მაისის თვეში ადამიანების მიერ ყოველთვიური შეღავათიანი ელექტროენერგიის მოხმარების ზღვარი გაიზრდება 100 კილოვატამდე საათში.

გარდა ამისა, იგეგმება 40 მილიონი მანათის (23 მილიონი აშშ დოლარი) გამოყოფა იმ სტუდენტების სასწავლო ხარჯების დასაფინანსებლად, რომლებიც ხელმოკლე ოჯახებიდან არიან.

ვუსალ გასიმლის თქმით, უშალოდ კორონავირუსთან საბრძოლველად, აზერბაიჯანის მთავრობა 57 მილიონი დოლარის დახარჯვას გეგმავს.

გასილმის განცხადებით, ანტიკრიზისული გეგმის ნაწილია, ასევე, სახელმწიფო სანავთობო ფონდიდან მანათის სტაბილიზაციის მიზნით 1 928 მილიონი დოლარს გამოყოფაც. გასილმის თქმით, სწორედ ეს გახდა იმის მიზეზი, რომ აზერბაიჯანული ვალუტა არ გაუფასურდა და სტაბილურობას ინარჩუნებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები