შალვა კერესელიძე მცხეთასა და დუშეთში მოწყობილ ცხელების ცენტრებში არსებულ ვითარებას გაეცნო
მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, შალვა კერესელიძემ, მოადგილესთან, გოჩა ქავთარაძესთან და მცხეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელთან, ბადრი კუკულაძესთან ერთად, მცხეთასა და დუშეთში ის სამედიცინო დაწესებულებები მოინახულა, სადაც ცხელების ცენტრები მოეწყო. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” მხარის გუბერნიიდან აცნობეს.
მათივე ცნობით, შალვა კერესელიძე პერსონალს შეხვდა და ადგილზე არსებულ ვითარებას, ასევე, დაწესებულებების მუშაობის სპეციფიკას გაეცნო.
“ცხელების ცენტრებში იმ მოქალაქეებს მოათავსებენ, რომელთაც ტემპერატურა აღენიშნებათ. საჭიროების შემთხვევაში, სპეციალურად გადამზადებული მედპერსონალი პაციენტებს ნიმუშებს აუღებს, შესაბამის კვლევებს ჩაუტარებს და სათანადო სამედიცინო მომსახურებას გაუწევს.
ცხელების ცენტრები შესაბამისი სამედიცინო აპარატურითა და ინფრასტრუქტურით აღიჭურვა. ადგილზე უსაფრთხოების ნორმები მაქსიმალურადაა დაცული”, – ნათქვამია გუბერნიის განცხადებაში.