სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი სპეციალური შტაბის სხდომა მხარის სახელმწიფო რწმუნებულის, ალექსანდრე მოწერელიას ხელმძღვანელობით გაიმართა. საბჭოს გადაწყვეტილებით სენაკის ბაზარი იხურება. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნიიდან აცნობეს.
მათი ინფორმაციით, სხდომაზე სხვადასხვა თემები განიხილეს, მათ შორის გატარებული ღონისძიებები და საგანგებო მდგომარეობით დაწესებული შეზღუდვების აღსრულების საკითხები.
მოქმედი დროებითი შტაბის ხელმძღვანელმა ალექსანდრე მოწერელიამ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმით დადგენილი მოთხოვნების დარღვევისათვის დაჯარიმებული პირების შესახებ ინფორმაცია მოისმინა. სახელმწიფო რწმუნებულის განმარტებით გასულ ღამეს 25 პირი დაჯარიმდა. ის მოქალაქეებს რეკომენდაციებისა და საგანგებო მდგომარეობის რეჟიმით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვისკენ მოუწოდებს.
შეხვედრაზე ასევე განიხილეს აგრარულ ბაზრებში არსებული მდგომარეობა, სახელმწიფო რწმუნებულმა მოისმინა სურსათის ეროვნული სააგენტოს რეგიონული ხელმძღვანელის, სამხარეო პოლიციის უფროსის და სენაკის მერის მონიტორინგის ანგარიშები, რის შემდეგაც შტაბმა მიიღო სენაკის აგრარული ბაზრის დახურვის გადაწყვეტილება. სავაჭრო ობიექტი არ აკმაყოფილებს სპეციალისტების მიერ დადგენილ რეკომენდაციებს, ასევე არ ხდება სოციალური დისტანციის დაცვა. შტაბმა ასევე იმსჯელა ზუგდიდის და ფოთის აგრარული ბაზრების თაობაზე, შტაბის გადაწყვეტილებით ეს ბაზრები ფუნქციონირებას განაგრძობენ, მონიტორინგის მასალების შესაბამისად სენაკისა და ზუგდიდის ბაზრებში მდგომარეობა მოწესრიგდა, ადმინისტრაცია კი დამატებით ზომები გატარებას გეგმავს.
შტაბის სხდომაზე ასევე განიხილეს, ცხელების კლინიკების მოწყობის და თერმოსკრინინგის მიმდინარეობის საკითხები.