იტალიური გაზეთის, La Stampa-ს რედაქცია რუსეთის მხრიდან ზეწოლაზე საუბრობს

იტალიური გაზეთის, La Stampa-ს რედაქციაში რუსეთის მხრიდან ზეწოლაზე საუბრობენ მას შემდეგ, რაც გაზეთმა მოსკოვის მხრიდან იტალიისთვის გაგზავნილი ჰუმანიტარული დახმარების უსარგებლობაზე დაწერა.

კერძოდ, პუბლიკაციის შემდეგ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა, იგორ კონაშენკოვმა გამოცემა “ბინძურ რუსოფობურ მანიპულაციაში”, ასევე, “ანტისაბჭოური პროპაგანდის მეთოდების” გამოყენებაში დაადანაშაულა.

“გაზეთის რედაქცია შეშფოთებას გამოთქვამს იმ თავდასხმების გამო, რომლებიც რუსეთის თავდაცვის ​სამინისტროს მხრიდან რედაქციის მისამართით და პირადად ჟურნალისტ იაკოპო იაკობონის მიმართ ხორციელდება. ბოლო დღეებში ჟურნალისტმა რამდენიმე მასალა გამოაქვეყნა, რომელიც რუსეთის კონტინგენტის მიზნობრიობის მიმართ კითხვებს აჩენს. ჟურნალისტის ეჭვი რუსეთის დახმარების გულწრფელობასთან დაკავშირებით მყარდება პოლიტიკური წყაროების, სამხედროებისა და დაზვერვის სფეროზე მომუშავე ექსპერტების მხრიდან.

რუსეთის მხრიდან ჟურნალისტების დაშინება კიდევ ერთხელ ადასტურებს ისეთი ინსტრუმენტების არსებობას, რომელთა მეშვეობით რუსეთი ინფორმაციის გაკონტროლებას ცდილობს. რუსეთის ფარგლებს გარეთ მსგავსი მეთოდის ექსპორტი – მიუღებელია”, – ნათქვამია განცხადებაში.

გაზეთის ჟურნალისტები მიიჩნევენ, რომ ეს პრეცედენტი გახდება ძალიან სერიოზული, თუ იტალიის მთავრობის მხრიდან რეაქცია არ მოხდა და თუ რუსეთი ზეწოლის გამო ბოდიშს არ მოიხდის.

26 მარტს La Stampa-მ დაწერა, რომ იტალიისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაგზავნით რუსეთი არა მხოლოდ ჰუმანიტარული მოტივებით ხელმძღვანელობს, არამედ საკუთარ პოლიტიკურ და დიპლომატიურ ინტერესებს ატარებს.

გაზეთთან საუბარში მაღალჩინოსნები აღნიშნავენ, რომ რუსული დახმარების 80% იტალიისა და კორონავირუსთან ბრძოლისთვის ან “სრულიად უსარგებლო, ან ნაკლები სარგებლის მომტანია” და წარმოადგენს მხოლოდ ერთგვარ “გამართლებას”.

La Stampa შიშობს, რომ ქვეყანაში ჩასული ყველა რუსი სპეციალისტი – სამხედრო მოსამსახურეა, ოპერაციას კი რუსეთის თავდაცვის და არა ჯანდაცვის სამინისტრო ხელმძღვანელობს. ყველა სამხედროს მაღალი წოდებები აქვთ: გენერალი, პოლკოვნიკი, მაიორი და ისინი “იტალიის ტერიტორიაზე თავისუფლად გადაადგილდებიან, ნატოს ბაზებიდან რამდენიმე ნაბიჯში”.

“პუტინმა კორონავირუსში იტალიის პოლიტიკურ არენაზე განმტკიცების კარგი შესაძლებლობა დაინახა და იტალიის პრემიერმა ამ კრიზისში, მხარდაჭერას არ მოერიდა, და მიიღო ეს ყველაფერი მოსკოვთან საკუთარი პოლიტიკური ურთიერთობის გასანმტკიცებლად”, – აღნიშნულია გაზეთში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები