La Stampa: რუსეთის მიერ იტალიისთვის გაგზავნილი დახმარების 80% ვირუსთან ბრძოლისთვის უსარგებლოა – პუტინმა კორონავირუსში კარგი შესაძლებლობა დაინახა

იტალიისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაგზავნით რუსეთი არა მხოლოდ ჰუმანიტარული მოტივებით ხელმძღვანელობს, არამედ საკუთარ პოლიტიკურ და დიპლომატიურ ინტერესებს ატარებს.

ამის შესახებ იტალიური La Stampa მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით წერს.

გაზეთში აღნიშნულია, რომ იტალიის პრემიერმინისტრი, ჯუზეპე კონტე რუსული ჰუმანიტარული დახმარების მიღებას მოსკოვთან “შესანიშნავი პირადი ურთიერთობების გამყარებისთვის” დათანხმდა.

თუმცა, როგორც გაზეთთან საუბარში მაღალჩინოსნები აღნიშნავენ, რუსული დახმარების 80% იტალიისა და კორონავირუსთან ბრძოლისთვის ან “სრულიად უსარგებლო, ან ნაკლები სარგებლის მომტანია” და წარმოადგენს მხოლოდ ერთგვარ “გამართლებას”.

რუსეთმა იტალიას ტერიტორიების სადეზინფექციო მოწყობილობები და სხვა მსგავსი სპეციალური ტექნიკა გაუგზავნა მაშინ, როდესაც ჩინეთმა სამედიცინო ნიღბები და ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატები.

La Stampa შიშობს, რომ ქვეყანაში ჩასული ყველა რუსი სპეციალისტი – სამხედრო მოსამსახურეა, ოპერაციას კი რუსეთის თავდაცვის და არა ჯანდაცვის სამინისტრო ხელმძღვანელობს. ყველა სამხედროს მაღალი წოდებები აქვთ: გენერალი, პოლკოვნიკი, მაიორი და ისინი “იტალიის ტერიტორიაზე თავისუფლად გადაადგილდებიან, ნატოს ბაზებიდან რამდენიმე ნაბიჯში”.

“პუტინმა კორონავირუსში იტალიის პოლიტიკურ არენაზე განმტკიცების კარგი შესაძლებლობა დაინახა და იტალიის პრემიერმა ამ კრიზისში, მხარდაჭერას არ მოერიდა, და მიიღო ეს ყველაფერი მოსკოვთან საკუთარი პოლიტიკური ურთიერთობის გასანმტკიცებლად”,- აღნიშნულია გაზეთში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები