ანდრია ჯაღმაიძე: ერთი სული აქვთ, როდის გაჩნდება ეკლესიის კლასტერი

“ერთი სული აქვთ, როდის გაჩნდება ეკლესიის კლასტერი”, – ამის შესახებ საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ „რუსთავი 2-ის“ ეთერში ჩართვისას განაცხადა.

ჯაღმაიძის თქმით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვების გამო, საპატრიარქო გარკვეულ რეკომენდაციებს გასცემს, მაგრამ ეს სინოდის ბოლო გადაწყვეტილებას არ გასცდება.

“გარკვეული რეკომენდაციები იქნება. ეს რეკომენდაციები არ გაცდება ბოლო სინოდის გადაწყვეტილებასა და მის ოქმში ასახულ რეკომენდაციებს, იქნება დაზუსტება ზოგიერთი დეტალისა, იმ ახალი რეალობის გათვალისწინებით, რომელიც დაგვიდგა და რომელზეც სახელმწიფოს ჰქონდა რეაქცია, გაამკაცრეს ზომები. ამ გადაწყვეტილების ერთგვარი გათვალისწინება იქნება შემდეგ ზომებში”, – განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.

მისი თქმით, საბოლოო განცხადება დასაზუსტებელი და მღვდელმთავრებთან შესათანხმებელია, საბოლოოდ,  ის პატრიარქმა უნდა მოიწონოს.

„ერთმნიშვნელოვნად შეიძლება თქმა, რომ წირვები გაგრძელდება და, იმავდროულად, დაცული იქნება აქამდე მიღებული რეკომენდაციები. სინოდის ბოლო გადაწყვეტილებაში მკაფიოდ არის ნათქვამი, რომ ზიარების წესი არ შეიცვლება.

როდესაც ადამიანები მაღაზიაში შედიან რიგითობით და სამ ადამიანს უშვებენ ერთ სექციაში, დანარჩენი მომხმარებელი დისტანციის დაცვით დგას ღია სივრცეში, იქ შეიძლება სამზე მეტი ადამიანიც იყოს და ათზეც მეტიც იყოს. ღია სივრცეში დგომა არ მიიჩნევა დარღვევად, ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ეკლესია მიიღებს გადაწყვეტილებას.

რა სტატისტიკაც გვაქვს, ეს ძალიან ძნელია, ზიარებას დაუკავშირო. ვერც ჩინეთში, ვერც იტალიასა და ირანში ვერ ვიტყვით, რომ ზიარების შედეგად გავრცელდა ეს. ჩვენი მოსახლეობა ხედავს, რომ ნებისმიერი საშუალება გამოიყენება ეკლესიის წინააღმდეგ, იქნება ეს ციანიდი, იქნება ეს ვირუსი, თუ სხვა რამ. მივეჩვიეთ, რომ ყველაფერს ცდილობენ, ეკლესიის დისკრედიტაციისთვის გამოიყენონ. ჩვენი ეკლესია არის ავტოკეფაკლური, ჩვენ ვიღებთ გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად. ეკლესიის წინააღმდეგ ნებისმიერი საბაბით ბრძოლა გრძელდება. ერთი და იგივე ხალხი წუხს, რომ ჩვენი გადაწყვეტილება დაემთხვა რუსეთის ეკლესიას, იგივე ხალხი წუხს, რომ ახლა არ დაემთხვა.
ძალიან სამწუხარო განწყობებს ვამჩნევ, წინასწარ აანონსებენ, რომ საქართველოში დავირუსდა სასულიერო პირი, ერთი სული აქვთ, როდის გაჩნდება ეკლესიის კლასტერი”, – განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები