“თბილისის მიკროავტობუსი” მზად არის, სხვადასხვა ორგანიზაციას, ფინანსური სარგებლის გარეშე, პერსონალის გადაყვანაში დაეხმაროს

კომპანია “თბილისის მიკროავტობუსი”, ქვეყანაში არსებული სიტუაციის გამო, მზად არის, სხვადასხვა ორგანიზაციას, ფინანსური სარგებლის გარეშე, პერსონალის გადაყვანაში დაეხმაროს. ამის შესახებ კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

“მოგახსენებთ, რომ ქვეყნაში, კორონავირუსის COVID19 – ის გავრცელების გამო, გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა, რის შედეგადაც აიკრძალა მგზავრების საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაყვანა, მათ შორის, მიკროავტობუსებითაც. სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ობიექტების მომსახურე პერსონალს შექმნილ ვითარებაში გადაადგილების პრობლემა შეექმნა, აღნიშნულის გათვალისწინებით, შპს “თბილისის მიკროავტობუსი” მოლაპარაკების რეჟიმშია ყველა იმ მსხვილ ფარმაცევტულ, სადისტრიბუციო თუ ქსელური მარკეტების მფლობელ კომპანიებთან, რომლებიც აგრძელებენ მუშაობას და ესაჭიროებათ მომსახურე პერსონალის ორგანიზებულად გადაყვანა. სწორედ ამიტომ, კომპანიის მენეჯმენტის გადაწყვეტილებითა და ქვეყანაში არსებული მნიშვნელოვანი მდგომარეობის გათვალისწინებით,  ზემოხსენებული ყველა ტიპის ორგანიზაციისთვის, შემუშავდა მომსახურების ფასის საერთო ფორმულა, კომპანია „თბილისის მიკროავტობუსის“ ფინანსური სარგებლის გარეშე, შესაბამისად, ერთ მიკროავტობუსზე, ყოველდღიური მომსახურეობა (სატრანსპორტო საშუალების ავტოფარეხიდან დაძვრის შემდეგ, ავტოფარეხში დაბრუნებამდე) განისაზღვრა ფასით – ფიქსირებული 40 ლარი და განვლილი მანძილის მიხედვით, ერთ კილომეტრზე 0.70 ლარის გაანგარიშებით. მგზავრების გადასაყვანად გასული ყველა სატრანსპორტო საშუალება ყოველდღიურად ასევე გაივლის დეზინფექციას.
კომპანია “თბილისის მიკროავტობუსის” მენეჯმენტი ითვალისწინებს მაღალ სოციალურ პასუხისმგებლობას, გამოთქვამს მზადყოფნას მოემსახუროს აღნიშნული ტარიფით ყველა იმ კომპანიას, რომელთა ჩვეულ რეჟიმში მუშაობა სტრატეგიულად მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის”, – აღნიშნულია “თბილისის მიკროავტობუსის” მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები