გაუქმებული კონტრაქტები და გასაღების შეზღუდული ბაზრები – ქართულ ექსპორტს პრობლემები აქვს
ექსპორტზე ორიენტირებულ წარმოებას საქართველოში რთული დღეები უდგას. Covid 19-ის მსოფლიო პანდემიამ მათ საქმიანობაში სერიოზული კორექტივები შეიტანა. როგორც საქართველოს ექსპორტიორთა ასოციაციაში აცხადებენ, გაძვირდა ლოჯისტიკური მომსახურება, მნიშვნელოვნად გართულდა წარმოებისათვის საჭირო ნედლეულისა და შესაფუთი მასალის მოძიება,ბშეიზღუდა გასაღების ბაზრებზე წვდომა, საზღვრებზე გაიზარდა ტვირთების მომსახურებავ-რეგისტრაციის დროს ხშირია შემთხვევები, როცა, ამ თუ იმ ქვეყანაში მოქმედი შეზღუდვების გამო, უცხოელი პარტნიორები ქართულ კომპანიებს ტვირთების მიღებაზე უარს ეუბნებიან. შეჩერდა უკვე გაფორმებული კონტრაქტები და ასე შემდეგ.
ექსპორტიორთა ასოციაციის ინფორმაციით, სერიოზული პრობლემები აქვთ მეღვინეებსა და ფარმაცევტულ კომპანიებს. როგორც ასოციაციაში განმარტავენ, მეღვინეების პრობლემები ბაზარზე ასებული მოთხოვნის შემცირებას უკავშირდება, ხოლო ფარმაცევტულ სექტორს ექსპორტზე შეზღუდვები სახელმწიფომ დაუწესა, რათა ქვეყანაში წამლის დეფიციტი არ შეიქმნას.
როგორც ექსპორტიორთა ასოციაციაში აცხადებენ, შედარებით უკეთეს მდგომარეობაში არიან თხილისა და მინერალური წყლების ექსპორტიორები, თუმცა პრობლემები მათაც აქვთ.
მთავარ პრობლემად ექსპორტიორთა ასოციაციაში მიიჩნევენ იმ ფაქტს, რომ კარანტინის პირობებში გაურკვეველია, რომელ კომპანიას მიეცემა საქმიანობის უფლება და ვინ შეიზღუდება. როგორც ასოციაციაში აცხადებენ, მთავრობა ექსპორტზე ორიენტირებული იმ საწარმოების სიაზე მუშაობს, რომლებსაც საწარმოო პროცესი არ შეუჩერდება, თუმცა რა კრიტერიუმით იხელმძღვანელებს მთავრობა ამ სიის შედგენისას, ასოციაციაში არ იციან.
ექსპორტიორთა ასოციაციის ინფორმაციით, ამ ეტაპზე, ფაქტობრივად, შეჩერებულია ექსპორტი რუსეთის მიმართულებით, სერიოზული შეზღუდვები აქვს თურქეთსაც, შედარებით ღია ბაზრად რჩება ჩინეთი, რომელიც არსებულ შეზღუდვებს ნელ-ნელა ხსნის.