განათლების სამინისტრო სკოლებს ონლაინსწავლებისთვის პირველ ქართულ ალტერნატიულ პლატფორმას – Feedc Edu-ს სთავაზობს

დღეიდან, განათლების სამინისტრო საჯარო სკოლებს ონლაინსწავლებისთვის ერთ-ერთ ალტერნატიულ საკომუნიკაციო საშუალებად პირველ ქართულ პლატფორმას, Feedc Edu- ს სთავაზობს.

სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული პლატფორმა სრულიად უფასოა, სრულყოფილად მუშაობს ნებისმიერ სმარტფონზე და არ სჭირდება მაღალი სიჩქარის ინტერნეტი. მასზე შესაძლებელია დავალებების გაზიარება, ფაილების ატვირთვა/ჩამოტვირთვა და ჯგუფური მეცადინეობის წარმართვა. მისი გამოყენება მარტივია, როგორც მასწავლებლისთვის, ასევე მოსწავლისა და მშობლისთვის. ასევე, მარტივია რეგისტრაციის გავლა, რაც მობილური ტელეფონის ნომრით არის შესაძლებელი.

“იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელს შეკითხვები გაუჩნდება, მას პლატფორმის ტექნიკური ჯგუფი Feedc Edu-ზე არსებული „ჩათის“ მეშვეობით ონლაინრეჟიმში გაუწევს დახმარებას. გარდა ამისა, მომხმარებელს შეუძლია, ვებგვერდზე არსებული ვიდეოინსტრუქციის მეშვეობით გაეცნოს მოხმარების წესებს. ასევე, დაინტერესებულ პირებს Facebook-ში შეეძლებათ მოიძიონ დამატებითი მხარდაჭერის ჯგუფი Feedc Edu, რომელიც დაეხმარება მათ რეგისტრაციასა და პლატფორმასთან მუშაობაში.

ამასთან, ტექნიკური დახმარების მიღების მსურველებს დამატებით შეეძლებათ გააგზავნონ შეკითხვები შემდეგ ელ.ფოსტაზე – edu@feedc.com, ან დარეკონ ტელეფონის ნომერზე: +995 555 458 417.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო სამაგალითოდ მიიჩნევს იმ სოციალურ პასუხისმგებლობას, რაც კომპანია „ფიდს“-მა საზოგადოების მიმართ გამოიჩინა. ქვეყანაში არსებული ვითარებისა და გლობალური სიტუაციის გათვალისწინებით, ძალიან მნიშვნელოვანია სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობა და სოლიდარული ურთიერთობა,”- აცხადებენ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, პრემიერმინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, სასწავლო პროცესის გადავადებასთან დაკავშირებით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დისტანციური სწავლების მეთოდების გაძლიერება დაევალა.

არსებული ვითარების გათვალისწინებით, სამინისტრო ინტენსიურ ნაბიჯებს დგამს, რათა განათლების სისტემაში შემავალი თითოეული რგოლი, განსაკუთრებით კი სკოლის მოსწავლეები, არ ჩამორჩნენ სასწავლო პროცესს. შესაბამისად, სამინისტრო აძლიერებს ელექტრონულ და სატელევიზიო ფორმატებს, როგორც სწავლა-სწავლების პროცესის წარმართვის ეფექტიან დისტანციურ საშუალებებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები