მარინა ეზუგბაია: კორონავირუსით ინფიცირებული 11 ახალი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკული არ არის
“დღეს უკვე გვაქვს კორონავირუსის 108 დადასტურებული შემთხვევა, ე.ი. გუშინ დილიდან დღეს დილამდე 11 ახალი დადასტურებული შემთხვევა დაგვემატა. დღევანდელი მონაცემებით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკული არ არის”, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.
“გუშინ დილას 97 დადასტურებული შემთხვევა გვყავდა, დღეს უკვე გვყავს 108, ე.ი. გუშინ დილიდან დღეს დილამდე 11 ახალი დადასტურებული შემთხვევა დაგვემატა. ამ 11-დან სამი დადასტურებული შემთხვევა ჩვენი ცენტრისაა, დანარჩენი – COVID19-ის მიმღები სხვა 6 დაწესებულების. 108 პაციენტიდან 50 ჩვენი პაციენტია.
როგორც ვიცი, ამ ახალ 11 შემთხვევასთან დაკავშირებით ჯანმრთელობის მდგომარეობა, დღევანდელი მონაცემებით, კრიტიკული და ძალიან მძიმე არცერთთან დასტურდება. დინამიკაში როგორ განვითარდება მდგომარეობა, ამაზე საუბარი რთულია”, – განაცხადა ეზუგბაიამ.