ისრაელში საქართველოს საელჩო მოქალაქეებს ფრენებთან დაკავშირებით აფრთხილებს
“ფრენები ისრაელიდან საქართველოს მიმართულებით, მხოლოდ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე განხორციელდება”, – ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელში საქართველოს საელჩო ავრცელებს.
საელჩო მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ კერძო პირების მიერ გაცემული დაპირებები და გადაადგილებისთვის დახმარების შეთავაზების მცდელობა რეალურ საფუძველს მოკლებულია და რისკების შემცველია.
“ისრაელში მცხოვრებ მოქალაქეთა საყურადღებოდ!!!
ბოლო პერიოდში, სოციალურ ქსელებში გააქტიურდნენ კერძო პირები, რომლებიც ისრაელში მყოფ ჩვენს მოქალაქეებს საქართველოში დაბრუნებას ჰპირდებიან ჩარტერული ფრენების მეშვეობით.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ფრენები ისრაელიდან საქართველოს მიმართულებით განხორციელდება მხოლოდ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე. შესაბამისად, კერძო პირების მიერ გაცემული დაპირებები და გადაადგილებისთვის დახმარების შემოთავაზების მცდელობა მოკლებულია რეალურ საფუძველს და არის რისკების შემცველი.
საქართველოს მიმართულებით ავიარეისის თარიღთან დაკავშირებით, გთხოვთ იხელმძღვანელოთ მხოლოდ ისრაელში საქართველოს საელჩოს მიერ გავრცელებული ოფიციალური ინფორმაციით”,-აღნიშნულია განცხადებაში.