ლევან გოფოძე: რესპუბლიკურ საავადმყოფოში მყოფ 17 პაციენტს კორონავირუსზე ტესტი დღეს ჩაუტარდება
“კორონავირუსზე დიაგნოსტირების მიზნით, კლინიკაში მყოფ 17 პაციენტს ტესტირება დღეს ჩაუტარდება, პასუხები ხვალ დილით იქნება ცნობილი”,- ამის შესახებ რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა, ლევან გოფოძემ განაცხადა.
მისივე თქმით, კორონავირუსზე ტესტი გუშინ 7 პაციენტს ჩაუტარდა და პასუხი ყველა მათგანზე უარყოფითი იყო.
“გუშინ 7 ტესტი გაკეთდა და ყველა ნეგატიური იყო. დღეს კიდევ 17 პაციენტი ელოდება ტესტირებას. მათ დღეს გაუკეთდებათ ტესტირება და ხვალ დილით პასუხებს მოგახსენებთ. აქედან, ორი პაციენტი ჩვენთან სხვა კლინიკიდან გადმოიყვანეს. ამ შემთხვევაში, გულმკერდის არეში ტკივილი იყო წამყვანი და ახლა ჩვენი კარდიოლოგები მუშაობენ. რაც შეეხება იმ პაციენტს, რომელიც ჩვენთან რეანიმაციულ განყოფილებაში არის, მოგეხსენებათ, COVID უარყოფითი, მაგრამ მძიმე პაციენტია. ამ დროისთვის პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია. შოკიდან გამოვიდა და გეგმის მიხედვით მკურნალობა გრძელდება“,- განაცხადა გოფოძემ.
ცნობისთვის, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირების 90 დადასტურებული შემთხვევაა. მათგან 18 გამოჯანმრთელდა.