„უმეტესობა სეირნობას, სირბილსა და ერთი უბნიდან მეორეში ძაღლების გადასეირნებას ვერ შეელია“, – ევროპაში მცხოვრები ქართველები პანდემიის გამო შექმნილ ვითარებაზე საუბრობენ
მსოფლიოში კორონავიურუსის პანდემიის ეპიცენტრი ევროპაა, სადაც covid 19 ყველაზე გავრცელებული იტალიაშია. რა მდგომარეობაა ევროპის ქვეყნებში და რა რეგულაციები მოქმედებს პანდემიასთან დაკავშირებით – ამის შესახებ „კვირას“ იტალიაში, საფრანგეთსა და გერმანიაში მცხოვრები ქართველები ესაუბრნენ.
მაგდა ლეკიაშვილი, რომელიც რომში ცხოვრობს, გვიყვება, რომ სახლიდან გარეთ გასვლა სპეციალური ნებართვით მხოლოდ სამი მიზეზით შეიძლება: სამსახურის, საყიდლებისა და გადაუდებელი შემთხვების (მაგ. თუ ექიმთან ხარ მისასვლელი) გამო.
„5 მარტიდან სახლში ვართ. ოჯახიდან მხოლოდ ერთი ადამიანი გადის საყიდლებზე და ისიც კვირაში ერთხელ, შესაბამისი ავტოსერტიფიკატით, სადაც გადაადგილების აუცილებლობა უნდა დაადასტურო. ცხადია, მძიმე ეკონომიკური და მორალური ზიანია თითოეული ჩვენგანისთვის ისევე, როგორ ქვეყნისთვის, რომელიც ტურიზმის ცენტრია და ახლა მხოლოდ დაცარიელებულ ქუჩებს პატრონობს. მაგრამ, ყველაზე ღირებულის, ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად მსხვერპლის გაღება ღირს. მხოლოდ ჩემი და ჩემი ოჯახის წევრების სახლში ჯდომა საკმარისი არ არის. ჩვენი, ყველას სამოქალაქო პასუხისმგებლობაა, ვითარება უკეთესობისკენ შევცვალოთ იმავე სისწრაფით, რა სისწრაფითაც ჩვენმა უპასუხისმგებლობამ ვირუსი გაავრცელა. 15 ათასამდე ადამიანი მიაწყდა მილანის რკინიგზის სადგურს მას შემდეგ, რაც 5 მარტს მთავრობამ ლომბარდიის რეგიონი წითელ ზონად გამოაცხადა. გარბოდნენ“, – ამბობს ჩვენთან საუბარში მაგდა ლეკიაშვილი.
მისივე თქმით, რეგულაციების დარღვევებზე ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში განსხვავებული ჯარიმები მოქმედებს.
„მაგალითად, ლომბარდიაში, მილანში, სადაც ვირუსის გავრცელების პიკია, გადაადგილების წესის დარღვევისთვის, ან ხალხმრავალი შეკრებისთვის 21 მარტის კანონით, 5000 ევროა ჯარიმა. ტყუილი ჩვენების მიცემითვის, ანუ თუ საბუთში არასწორ ინფორმაციას მიუთითებ, თავისუფლების 2 წლამდე აღკვეთაა. თუ არასწორი ინფორმაცია პირის იდენტურობას ეხება, ამ შემთხვევაში, თავისუფლების 1- დან 6 წლამდე აღკვეთაა“, – აცხადებს მაგდა „კვირასთან“ საუბრისას.
მაგდა ლეკიაშვილი გვიყვება, რომ არცერთი შემთხვევა დაფიქსირებულა, რომელიც დაადასტურებდა, რომ მაღაზიებს მოქალაქეებისთვის საჭირო რაოდენობის პროდუქტი არ აქვთ.
„კორონავირუსი ყველასთვის სიახლეა. როდესაც არ იცი, რასთან გაქვს შეხება და რა შედეგების მომტანია მისი გავრცელება, პირველი რეაქცია შიშია. სწორედ ამიტომ გაქრა დახლებიდან ნიღბები, ხელთათმანები, სპიტრი და ხელის სადეზინფექციო საშუალებები. იყო რიგები მაღაზიებთან. იყო არა, არის. თუმცა ვითარება დარეგულირდა. ვისწავლეთ მოწესრიგებულად რიგში დგომა, თუნდაც ეს საათობით გრძელდებოდეს, როდესაც დაგვარწმუნეს, რომ შიმშილი არ გვემუქრება. არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა, რომელიც დაადასტურებს, რომ მოქალაქეებისთვის საჭირო რაოდენობის პროდუქტი არ აქვთ მაღაზიებს. შიშის გარდა სოლიდარობაც გამოვცადეთ და მჯერა, რომ, როდესაც დავუბრუნდებით ცხოვრების ჩვენეულ კალაპოტს, გაზრდილები ვიქნებით. გვექნება გაზრდილი სამოქალაქო შეგნება. საკუთარი თავის გარდა, სხვის კეთილდღეობაზეც დავიწყებთ ფიქრს და ვიქნებით თავისუფლები ვირუსისგან, რომელაც 2020 წლის პირველი რამდენიმე თვე მოგვპარა“, – ამბობს მაგდა.
მისივე თქმით, იტალიაში მოქალაქეებმა უპასუხისმგებლობა გამოიჩინეს, ამიტომაც ვირუსი სწრაფად გავრცელდა.
„ვირუსი, რომელმაც ეს ცვლილება გამოიწვია, სავარაუდოდ, ყველამ სათანადოდ ვერ შევაფასეთ. არასწორი იყო ის შეფასებაც, რომ ჩვენამდე ვერ მოაღწევდა. ჩინეთი უფრო ახლოს აღმოჩნდა, ვიდრე გვეგონა. ადამიანები უპასუხისმგებლოები აღმოჩნდნენ.
როდესაც გარდაცვლილთა რიცხვმა ბოლო პერიოდში 700 -ს გადაუსწრო, ალბათ, ბევრმა დავსვით შეკითხვა, როგორ მოხდა, რომ ვითარება ხელიდან დაგვისხლტა და ამ შედეგამდე მივედით? როგორ მოხდა, რომ პანდემია ამ დღეებში ყოველ 1.8 წუთში ერთ კაცს კლავს. რა შეგვეშალა? ის, რომ იტალიის მთავრობის თავდაპირველი რეკომენდაცია, რომელმაც შემდეგ კანონის სახე მიიღო, არ გავითვალისწინეთ. ბევრისთვის მოწოდებას – “დარჩი სახლში” ამ სიტყვების პირდაპირი მნიშვნებლობა არ მიუღია. ზოგიერთ მოქალაქეს შეიძლება გაუგო, მათი ოჯახის შემოსვალი ყოველდღიურ შრომაზე პირდაპირპროპორციულადაა მიბმული, თუ სახლიდან არ გავლენ, შესაძლოა, მინიმუმ მშივრები დარჩნენ. მაგრამ, უმეტესობა სეირნობას ვერ შეელია, სირბილსა და ერთი უბნიდან მეორეში ძაღლების გადასეირნებას. ტრაგიკულია ფაქტი, რომ სკოლები და უნივერსტეტები დროულად დაიკეტა, თუმცა თავშეყრის ადგილმა ბარებსა და დისკოტეკებზე გადაინაცვლეს. სწორედ ამიტომ, მთავრობამ 5 მარტიდან ეტაპობრივად დაკეტა სხვადასხვა დაწესებულება. ხალხის გარეთ “სეირნობა” რომ მინუმუმამდე დაეყვანათ, მხოლოდ სასურსათო მაღაზიები და აფთიაქები დარჩა ღია. პარკები და ყველა ის ადგილი, რომელიც შესაძლოა, ადამიანს სახლში დარჩენის ალტერნატივად გამოაცხადებინა, დაიხურა“, – გვიყვება მაგდა ლეკიაშვილი.
„კვირას“ პარიზში მცხოვრებ მაგდა ხუციშვილსაც ესაუბრა. მაგდა გვიყვება, რომ 17 მარტიდან საფრანგეთში საყოველთაო თვითიზოლაციის წესი მოქმედებს.
„სიტუაციის კონტროლისათვის მთავრობამ დაუშვა ხალხის გადაადგილება მხოლოდ სპეციალური ცნობის საშუალებით, რომლის თან არქონის შემთხვევაშიც არსებობს საკმაოდ მაღალი ჯარიმა. პირველ ჯერზე ესაა 135 ევრო, განმეორების შემთხვევაში 1500, 4- ჯერ თუ დაარღვევ, 3700 ევრო და 6 თვემდე პატიმრობა.
გაადაადგილება მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებშია დაშვებული და პარიზის რეგიონში, სადაც თავად ვიმყოფები, ხალხი, ძირითადად, პროდუქტების საყიდლად გადის სახლიდან.
ვერ ვიტყვი, რომ თავიდანვე ყველა დიდი პასუხისმგებლობით მოეკიდა ამ ახალ წესს, რადგან 17 მარტის შემდეგ პარკებსა და სკვერებში აქაც მოიმატა ადამიანთა რაოდენობამ, ხოლო პირველ 24 საათში მხოლოდ პარიზის რეგიონში ასობით ადამიანი დაჯარიმდა დაუსაბუთებელი გადაადგილებისთვის. ჩემი დაკვირვებით, სუპერმარკეტებში კონტროლდება ადამიანებს შორის დისტანცია და ამას თავად მოქალაქეებიც მკაცრად იცავენ. საკვები და აუცილებელი პროდუქტების ნაკლებობა ნამდვილად არ იგრძნობა და აღარც იმხელა რიგებია მაღაზიებში, როგორც ორიოდე კვირის წინ იყო თითქმის მთელ მსოფლიოში.
ვერ ვიტყოდი, რომ ხალხი პანიკაშია, თუმცა მეზობელი ქვეყნების მაგალითი არც სიმშვიდის საფუძველს იძლევა. სწორედ ამიტომ, უკვე ცნობილია, რომ თვითიზოლაციის თარიღი მინიმუმ 28 აპრილამდე გადაიწევს და ამ საკითხზე უკვე მსჯელობს მთავრობა სპეციალურ სამეცნიერო ჯგუფთან ერთად“, – ამბობს მაგდა ხუციშვილი.
მისივე თქმით, გადაადგილების არეალიც შეზღუდულია. მოქალაქეებს შეუძლიათ, უახლოეს კლინიკაში, უახლოეს მაღაზიაში მივიდნენ, სირბილი დასაშვებია 1 კილომეტრის არეალში.
„რაც შეეხება უსაფრთხოების წესებს – გარეთ გასვლის შემთხვევაში, აუცილებლად ვატარებ პირბადეს და ვცდილობ, შეძენილი პროდუქტები მაქსიმალურად გავასუფთავო. რა თქმა უნდა, ამ წესებში მოიაზრება ხელის ხშირი დაბანაც და სადეზინფექციო ხსნარის გამოყენება. ვმუშაობ სახლიდან ისევე, როგორც ყველა, ვისთვისაც ეს შესაძლებელია, ხოლო დამქირავებლები ვალდებულნი არიან, ამ წესს დაემორჩილონ. შეზღუდულია ტრანსპორტის მოძრაობაც, განსაკუთრებით ქალაქებს შორის.
პარიზში თითქმის ორი კვირაა, დავბრუნდი თბილისიდან. თუ საქართველოსა და საფრანგეთის მაგალითებს შევადარებთ, ნამდვილად დასაფასებელია ის შრომა და რაც მთავარია, უსწრაფესი რეაგირება ქართველი ინფექიონისტების მხრიდან, რაც ამ რამდენიმე კვირის მანძილზე ვნახეთ. პარიზში 13 მარტს დავბრუნდი, როდესაც ვირუსის გავრცელება უკვე მაღალ ნიშნულებზე იყო ევროპის ქვეყნებში, თუმცა აეროპორტში არანაირი სახის კონტროლი არ გამივლია, არც ტემპერატურის შემოწმება. ჩემი აზრით, სწორედ ამ გვიანი რეაქციის შედეგია, რომ საფრანგეთში საკმაოდ მზარდია ვირუსით ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობა, 1100 ადამიანია გარდაცვლილი, საიდანაც 240 ბოლო 3 დღეში“, – ამბობს მაგდა ხუციშვილი.
სოფო ახსიაშვილი გერმანიაში, ქალაქ შმიტენში ცხოვრობს. როგორც სოფო „კვირასთან“ საუბარში აღნიშნავს, ქვეყანაში ორ კაცზე მეტის თავშეყრა აკრძალულია.
„ფეისბუქში“, ვიდეოებით გავიგე, ჩინეთში რომ დაიწყო ვირუსის გავრცელება. სამსახურში თანამშრომლებმა ,ამაზე ლაპარაკი შედარებით გვიან დაიწყეს, მაგრამ სერიოზულად არავის მიუღია. უფრო რომ გამწვავდა სიტუაცია და ევროპაშიც გაჩნდა შემთხვევები, ყველა ამბობდა, ერთ- ერთი ვირუსია, რატომ უნდა ავტეხოთ პანიკა, გრიპითაც უამრავი ადამიანი იღუპება, მაშინ ყველაფრის უნდა გვეშინოდესო . გერმანიაშიც რომ გაჩნდა რამდენიმე შემთხვევა, ცოტათი აღელდნენ, მაგრამ არანაირი ზომები არ მიუღიათ. იტალიაში რომ საზღვრები ჩაკეტეს – მაშინ ცოტათი შეშინდნენ, მაგრამ მაინც არავის სჯეროდა, რომ გერმანიაში ბაღებში, სკოლებსა და უნივერსიტეტები სწავლა შეწყდებოდა.
თავდაპირველად, აიკრძალა 5 კაცზე მეტის შეკრება, თუმცა ამას არავინ ითვალისწინებდა, პარკები მაინც ბავშვებითა და მოხუცებით იყო სავსე.
რამდენიმე დღეა, უკვე 2 კაცზე მეტის შეკრება აკრძალეს, მხოლოდ ოჯახის წევრებზე, არ ვრცელდება ეს წესი. ჯარიმა იმხელა დააწესეს დარღვევებზე, უნდათ, თუ არა , დაიცვან – 25 000 ევროა გადასახადი რეგულაციების დარღვევაზე.
სამსახურში ორი კვირაა, არ დავდივარ. მხოლოდ მაღაზიაში ვახერხებ გასვლას, პატარა საკურორტო ქალაქში ვცხოვრობ, გარეთ გასვლა არ არის აკრძალული.
მეზობლები შორიდან ელაპარაკებიან ერთმანეთს. ხელთათმანებს , სადეზინფექციო საშუალებებს ვიყენებთ, მაგრამ პირბადით, ალბათ, ამ პერიოდში მაქსიმუმ 5 ადამიანი მინახავს“, – ამბობს სოფო ახსიაშვილი.
თამუნა შეყილაძე