“ტესტების კომერციალიზაციას ვეწინააღმდეგებით, რადგან დღევანდელ მდგომარეობაში არავის აქვს უფლება, მოგება ნახოს ადამიანებზე, რომლებიც ასეთი გამოწვევის წინაშე არიან”
“ის, რომ ჩვენ ტესტების კომერციალიზაციას ვეწინააღმდეგებით, გამომდინარეობს იქიდან, რომ დღევანდელ მდგომარეობაში არცერთ უწყებას და არც კერძო სექტორს არ აქვს უფლება, მოგება ნახოს ადამიანებზე, რომლებიც ასეთი გამოწვევის წინაშე არიან”, – ასე უპასუხა ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ კითხვას, “რატომ ეწინააღმდეგება სამინისტრო კერძო სექტორის მიერ სწრაფი ტესტების კომერციალიზაციას”.
მისივე თქმით, ტესტების ხარისხი მკაცრად კონტროლდება.
„არ გვაქვს შეცდომის დაშვების უფლება და ძალიან მკაცრები ვართ იმ კუთხით, რომ ვაკონტროლებთ ტესტის ხარისხს. ამ საკითხზე ინტენსიურად მუშაობს როგორც დაავადებათა კონტროლის ცენტრი, ასევე რეგულირების სააგენტო. დღეის მდგომარეობით, რეგულირების სააგენტოში 8 კომპანიას ჰქონდა დოკუმენტაცია წარმოდგენილი საქართველოში ტესტების შემოტანაზე. რეგულირების სააგენტომ, დაავადებათა კონტროლის ცენტრთან გავლილი კომუნიკაციის საფუძველზე, ოთხ ასეთ კომპანიას მისცა როგორც სწრაფი ტესტების, ასევე PCR ტესტების საქართველოში შემოტანის უფლება. ის, რომ ჩვენ ტესტების კომერციალიზაციას ვეწინააღმდეგებით, გამომდინარეობს იქიდან, რომ დღევანდელ მდგომარეობაში არცერთ უწყებას და არც კერძო სექტორს არ აქვს უფლება, მოგება ნახოს ადამიანებზე, რომლებიც ასეთი გამოწვევის წინაშე არიან. ჩვენ ვეწინააღმდეგებით ამ კომპანიების მიერ იმ კომერციული ფასების დადგენას, რომელიც საქართველოში უკვე იყო დაფიქსირებული. აქედან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მოხდება თანხის ფიქსირება და უმეტეს შემთხვევაში ეს თანხები გადახდილი იქნება სახელმწიფოს მხრიდან, როდესაც ტესტირების ჩასატარებლად ასევე იქნება ექიმის დამადასტურებელი ჩვენება. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მხრიდან უკვე შერჩეულია 7 კერძო ლაბორატორია, რომელსაც მინიჭებული აქვს უფლება, ჩაატაროს ტესტირებები და მათ ეს ტესტები ლუგარის ლაბორატორიიდან საჩუქრად აქვთ გადაცემული,“ – განაცხადა ტიკარაძემ.