ქეთევან ციხელაშვილი: ყველა მასალას, რომელიც COVID-19-ის პრევენციასა და გავრცელების შეკავებას ეთმობა, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე ვავრცელებთ
“ჩვენ ვავრცელებთ ყველა შესაბამის მასალას სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში, რომელიც მთლიანად ეთმობა COVID-19-ის პრევენციასა და გავრცელების შეკავებას, ყველა ინსტრუქციას, ინფორმაციას, წესებსა და რეკომენდაციებს”, – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა განაცხადა.
ციხელაშვილის თქმით, მარნეულისა და ბოლნისის მოსახლეობას ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დახმარებით გადაეცემა „ვრასტანისა” და „გურჯისტანის” სპეციალურად დაბეჭდილი საგაზეთო გამოცემები.
„მინდა, მხარდაჭერა გამოვხატო ჩვენი თანამოქალაქეების მიმართ, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტების მაცხოვრებლების მიმართ და, ამავდროულად, ვთხოვო თითოეულ მათგანს, რომ ზედმიწევნით დავიცვათ და შევასრულოთ ის რეკომენდაციები, ის წესები, რასაც ადგენს საგანგებო ვითარება ქვეყანაში, კონკრეტულად საკარანტინო ზომა ამ ორ მუნიციპალიტეტში და, რა თქმა უნდა, რეკომენდაციები, რომლებსაც გასცემს ჯანდაცვის სამინისტრო და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი. ეს არის დღეს კრიტიკულად მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ჩვენ მოვახდინოთ COVID-19-ის გავრცელების შეკავება, რაც არის მსოფლიო პანდემია და დავიცვათ, პირველ ყოვლისა, ჩვენი ოჯახები, ახლობლები, მეზობლები, საზოგადოება და, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყანა.
იმისათვის, რომ ჩვენ მოსახლეობას ჰქონდეს სრულფასოვანი წვდომა ინფორმაციაზე, ჩვენ ვავრცელებთ ყველა შესაბამის მასალას მათთვის გასაგებ ენაზე. მოგეხსენებათ, რომ მარნეულსა და ბოლნისში ჩვენი საკმაოდ ბევრი თანამოქალაქეა, რომელიც საუბრობს აზერბაიჯანულად, ასევე, სომხურად. დღეს ჩვენ ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დახმარებით გადავცემთ მათ სპეციალურად დაბეჭდილ საგაზეთო გამოცემას „ვრასტანისა” და „გურჯისტანის”, რომელიც მთლიანად ეთმობა COVID-19-ის პრევენციასა და გავრცელების შეკავებას, მოიცავს ასევე მათ მშობლიურ ენაზე ყველა ინსტრუქციას, ინფორმაციას საგანგებო მდგომარეობის შესახებ, საკარანტინო რეჟიმის შესახებ, მიმართვებს და დეტალურ ახსნას, თუ რა უნდა გააკეთოს მოსახლეობამ იმისთვის, რომ იყოს დაცული. და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ამ გაზეთების ისევე, როგორც უკვე დამატებითი ნაკადის სხვა ინფორმაციის, იგივე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გავრცელებული თუ ჩვენი დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ გაცემული რეკომენდაციების თაობაზე, მოსახლეობა მიიღებს, გულისყურით გაეცნობა, დაიცავს იმიტომ, რომ ეს არის კიდევ ერთხელ ერთადერთი და ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც შეგვიძლია თითოეულმა ჩვენგანმა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ხელი შევუწყოთ სახელმწიფოს, ჯანდაცვის სისტემას, ჩვენს სამართალდამცავებს, უკვე ჯარსაც, რომელიც მობილიზებულია იმისთვის, რომ მოქალაქეები დაიცვას”, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტების სოფლებში გავრცელდება გაზეთ „ვრასტანისა” და „გურჯისტანის” სპეციალური გამოცემები.
მოსახლეობისთვის სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე ხელმისაწვდომი იქნება: საგანგებო მდგომარეობისა და კარანტინის დროს ქცევის წესები, ინფორმაცია და რეკომენდაციები, საქართველოს მთავრობის დადგენილებები N180 და N181, საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის განცხადებები.