კორონავირუსის პრევენციის მიზნით, გუდაურში სამუშაო შეხვედრა გაიმართა
კორონავირუსის პრევენციის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების ფარგლებში, გუდაურში სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრას ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერი – ალექსანდრე ზაგაშვილი, მერის მოადგილეები, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული – შალვა კერესელიძე, მოადგილე – გოჩა ქავთარაძე, მცხეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი პირები, მთის კურორტების განვითარების კომპანიის გუდაურის მთის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი და იმ სასტუმროების მეპატრონეები ესწრებოდნენ, სადაც ამჟამად საკარანტინო სივრცეებია მოწყობილი.
ხელისუფლების წარმომადგენლები საკარანტინო სივრცეებში არსებულ ვითარებას გაეცნენ და იქ განთავსებული მოქალაქეების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს.
შეხვედრაზე არსებული საჭიროებები განიხილეს. ხელისუფლების წარმომადგენლებმა სასტუმროს მფლობელებს რეკომენდაციები მისცეს და მხარდაჭერა აღუთქვეს.
გუდაურში მოწყობილ 4 საკარანტინო ზონაში, დღეის მდგომარეობით, 260-მდე საქართველოს მოქალაქე იმყოფება. კორონავირუსისათვის დამახასიათებელი ნიშნები არცერთ მათგანს აღენიშნება. ამ ეტაპზე, მეხუთე სასტუმროს დაკონტრაქტება მიმდინარეობს, სადაც უახლოეს დღეებში კიდევ ერთი საკარანტინე სივრცე მოეწყობა. სასტუმროებში მოქალაქეთა ცხოვრებისა და კვების ხარჯები სრულად იფარება სახელმწიფოს მხრიდან.
სასტუმროების პერსონალს, რომელშიც საკარანტინე ზონა უნდა მოეწყოს, საზოგადოებრივი ჯანდაცვის რეგიონული წარმომადგენლებისგან შესაბამისი გადამზადება უტარდებათ.
#StopCov