ნანა ოდიშარია: ანაკლიის საკარანტინო სივრცეში 87 ადამიანი იმყოფება, რომელთაგან ერთი მცირეწლოვანია
ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში თვითიზოლაციაში 358 ადამიანი იმყოფება.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის, ნანა ოდიშარიას განმარტებით, ზედამხედველობიდან მოიხსნა – 69 პირი, საკარანტინო სივრცეში კი – 27 პირი გადაყვანილი.
“ანაკლიის საკარანტინო სივრცეში დღეს 87 ადამიანი იმყოფება, აქედან 41 სასტუმრო „პალმ ბიჩშია“ განთავსებული, ხოლო 46 პირი სასტუმრო „ანაკლიაში“. 9 პირი ოზურგეთიდან იქნა გადმოყვანილი, რომლებიც მარნეულში მცხოვრები ადამიანები არიან. ამ ეტაპზე, არცერთ მათგანს ახალი კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები არ აღენიშნებათ და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ერთი არის მცირეწლოვანი და დანარჩენი სრულწლოვანი პირები. რაც შეეხება მესტიას – იქ ორი პირია თვითიზოლაციაში და ორი – კარანტინში“, – აღნიშნა ოდიშარიამ.
ნანა ოდიშარიას განმარტებით, რეგიონის მასშტაბით, ზუგდიდისა და ფოთის კლინიკაში განთავსებული ბოქსირებული პალატის 40 საწოლი მზადაა პაციენტების მისაღებად. შეგახსენებთ, რომ, ამ ეტაპზე, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსის არცერთი დადასტურებული შემთხვევა არაა.
ცნობისთვის, საქართველოში, ამ დროისთვის, კორონავირუსის 66 დადასტურებული შემთხვევაა, მათ შორის 9 გამოჯანმრთელებული, კარანტინში 4055, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 252 პაციენტია.