მარინა ეზუგბაია: კორონავირუსით ინფიცირებული ხუთი ახალი პაციენტი ამერიკის კლასტერიდანაა
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული ხუთი ახალი პაციენტი ამერიკის კლასტერიდანაა.
მისივე განმარტებით, როდესაც მათ სიმპტომები გამოუვლინდათ, ინფექციურ საავადმყოფოს მიმართეს.
“5-ვე პაციენტი ამერიკის კლასტერიდან არის, ჩამოსულები იყვნენ და თვითიზოლაციაში იმყოფებოდნენ. სხვადასხვა დროს ჩამოსულები იყვნენ – ზოგი 7 მარტს, ზოგი 11-ში, ზოგი მათ შორის პერიოდში. როგორც კი მათთან გამოვლინდა დაავადება, ტემპერატურისა და სხვადასხვა კლინიკური სიმპტომის სახით, მაშინვე მოგვაკითხეს გუშინ. ნაწილის დადასტურება მოხდა დღის პირველ ნახევარში აღებული ტესტებიდან და ნაწილის – დღის მეორე ნახევარში აღებული ტესტებიდან. გუშინ, დაახლოებით, 16 პაციენტს ჩაუტარდა ტესტირება და ამ 16 პაციენტიდან 5 პაციენტთან მივიღეთ დადასტურებული პასუხი, რომელიც უკვე ჩვენს ცენტრში არიან და მკურნალობენ”, – განაცხადა ეზუგბაიამ.
ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 66-მდე გაიზარდა.