გერმანიის მინისტრთა კაბინეტმა ეკონომიკის მხარდასაჭერი ზომათა პაკეტი მიიღო
გერმანიის მინისტრთა კაბინეტმა კორონავირუსის პანდემიის ფონზე ქვეყნის ეკონომიკის მხარდასაჭერი ზომათა პაკეტი მიიღო რომელიც 150 მილიარდი ევროს გამოყოფას გულისხმობს.
უპრეცედენტო პაკეტის ფარგლებში, მთავრობა 50 მლრდ ევროს გამოყოფს თვითდასაქმებულთა, მცირე და მიკრო საწარმოების მხარდასაჭერად.
ასევე, მიღებულია პაკეტი მოსახლეობის სოციალური დახმარების შესახებ, კერძოდ, ადამიანები, რომლებიც ბინას ქირაობენ, იჯარის ფულის არქონის პირობებში საცხოვრებელს არ დაკარგავენ. ასევე, გამარტივდება შრომის შემცირებულ გრაფიკზე დროებითი გადასვლის პირობები.
ცალკე კანონპროექტი საავადმყოფოების ფინანსურ დახმარებას ითვალისწინებს. ინფექციასთან ბრძოლის კანონში ცვლილების შეტანა მოხდება, რომელიც ფედერალური ხელისუფლებას პანდემიასთან ბრძოლაში უფლებამოსილებას გაუზრდის.
გარდა ამის, შეიქმნება 600 მლრდ ევროს ოდენობის ეკონომიკური სტაბილურობის ფონდი, რომლის ფარგლებში 400 მლრდ ევროს ოდენობის გარანტიების შეთავაზება იქნება შესაძლებელი და კომპანიები კრიზისულ დროს კაპიტალთან წვდომას დაეხმარება. 100 მლრდ ევრო იმ შემთხვევაში იქნება გამოყოფილი, თუ სახელმწიფოს გაკორტრების პირას მყოფ კომპანიებთან წილში შესვლა მოუწევთ. კიდევ 100 მლრდ ევრო იქნება მიმართული განვითარების ბანკის KfW-სპეციალური პროგრამებისთვის.
ამასთანავე, დახმარებათა პაკეტის ფინანსირებისთვის გერმანიის მთავრობა ძირითად კანონში ჩადებული მუხლის შეჩერებას გეგმავს, რომელიც ერთგვარად “ვალის მუხრუჭს” გულისხმობს.
აღსანიშნავია, რომ გერმანიის მთავრობა 2014 წლიდან სახელმწიფო ვალის გაზრდის არიდებას ახერხებდა.
მოსალოდნელია, რომ ბუნდესტაგი დახმარებათა პაკეტს კენჭს 25 მარტს, ხოლო ბუნდესრატი 27 მარტს უყრის.